საჯარო სამსახურში თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა – ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას მოქმედებას ვაკვირდებოდით და რეაგირება ყველას მოქმედებაზე გვექნება! ეს რეაგირება კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად იქნება, მაგრამ რეაგირება იქნება, რასაც მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ! – ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
როგორც კობახიძემ ამ კონტექსტში განაცხადა, რადიკალურმა ოპოზიციამ „ნაცმეიდნის“ მოსაწყობად ყველა მეთოდი გამოიყენა, მათ შორის ეს იყო საჯარო სამსახურის და განათლების სისტემის პოლიტიზირების მცდელობა.
„ამ დღეების მანძილზე უცხოელმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა ბოლო დარჩენილი რესურსი გამოიყენეს. მათ შორის, გამოიყენეს საჯარო სამსახურში არსებული რესურსი. მათ ამ რესურსის გამოყენება შეეძლოთ ამ წლის გაზაფხულზე, წინა წლის გაზაფხულზე ან 2022 წლის ივნისში, თუმცა გარკვეულ რესურსს იტოვებდნენ. მათ საჯარო სამსახურში დარჩენილი ბოლო რესურსი გამოიყენეს.
საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ „ნაცმაედნის“ წარუმატებლობისთვის არც ეს რესურსი გამოადგათ. საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებიც წინა დღეებში საჯარო მოსამსახურეებს სამსახურიდან წამოსვლისკენ მოუწოდებდნენ, ახლა პირიქით – მას შემდეგ, რაც „ნაცმაედანი“ ჩავარდა, მოუწოდებენ, რომ საჯარო სამსახური არ დატოვონ. ქცევის ცვლილება თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.