
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს აშშ-ის დარტყმებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე. რუსეთის საგარეო უწყება სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის, გაერო-ს წესდების და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უხეშ დარღვევად აფასებს.
„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, რომ დარტყმები განახორციელა ქვეყანამ, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ამ ქმედების შედეგები, მათ შორის რადიოლოგიური, ჯერ კიდევ შესაფასებელია, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ დაიწყო საშიში ესკალაცია, რომელიც რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის რისკს შეიცვას. საგრძნობლად გაიზარდა კონფლიქტის გაფართოების რისკი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ისედაც მრავალი კრიზისით არის მოცული“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშმა მნიშვნელოვნად დააზარალა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა და მასზე დაფუძნებული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შემოწმებისა და მონიტორინგის სისტემის ავტორიტეტი. რუსეთის საგარეო უწყება საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობისგან სწრაფ, პროფესიონალურ და სამართლიან რეაქციას ელოდება.
„უახლოს მომავალში დაგეგმილ სააგენტოს სპეციალურ სესიაზე განსახილველად საჭიროა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის ობიექტური ანგარიში. რა თქმა უნდა, გაერო-ს უშიშროების საბჭოც ვალდებულია, მოახდინოს რეაგირება. აუცილებელია, კოლექტიურად უარვყოთ აშშ-ის და ისრაელის კონფრონტაციული ქმედებები. მოვუწოდებთ აგრესიის შეწყვეტისკენ და ძალისხმევის გაძლიერებისკენ, რათა შეიქმნას პირობები სიტუაციის პოლიტიკურ-დიპლომატიურ კალაპოტში დასაბრუნებლად“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.