“საგამოძიებო უწყებები ყველა ზომას მიმართავენ, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმე სათანადოდ იყოს გამოძიებული”

84
spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, საგამოძიებო უწყებები ყველა ზომას მიმართავენ, რომ ე.წ. ქოლცენტრების საქმე სათანადოდ იყოს გამოძიებული.

მისივე თქმით, ოპოზიციონერ კოლეგები არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარულ ფულს მისგან დღემდე იღებენ.

„ოპოზიცია რაზე წუხს, არ ვიცი, რა ადარდებთ, რატომ არ ვიძიებთ ამ საქმეს? ბუნებრივია, საგამოძიებო უწყებები კომპეტენციის ფარგლებში ყველა ზომას მიმართავენ, რომ შესაბამისი საქმე სათანადოდ იქნას გამოძიებული. ჩვენი ოპონენტები რატომ არ ღელავენ კეზერაშვილზე, რატომ არ ამბობენ და აკეთებენ კომენტარს, რომ ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარულ ფულს მისგან დღემდე იღებენ. რატომ არ აკეთებს ის ტელევიზია განცხადებას, რომელიც პირდაპირ ფინანსდება ევროპელი პენსიონერებისგან მოპარული ფულით და ასე შემდეგ. ჩვენს კოლეგებს ოპოზიციაში ვურჩევდი, პირველ რიგში, ამ საკითხებით დაინტერესდნენ. ბუნებრივია, საგამოძიებო უწყებები ყველა ზომას მიმართავენ კანონის ფარგლებში, რომ გამოძიება წარიმართოს ობიექტურად და დადგეს შესაბამისი სამართლებრივი შედეგი“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.