ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2023 წლის ივლისის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში 19 პირი მიეცა, მათგან დაკავებულია 5 პირი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში, 19 670 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება დაახლოებით, 100 000 ლარს შეადგენს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.