საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კომიტეტმა 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლებისა და მაღალი თანამდებობის პირთა საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით კვოტები განსაზღვრა.
მათიკაშვილის თქმით, კომისია სულ ათი წევრისგან დაკომპლექტდა, მათ შორის, სურვილის შემთხვევაში, გიორგი გახარიას პარტიიდან ორ პოლიტიკოსს შესაძლებლობა ექნება, მონაწილეობა მიიღოს კომისიის მუშაობაში.
„პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება 2003-2012 წლებში არსებული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. რეგლამენტის შესაბამისად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ევალება კვოტების განსაზღვრა და ეს გადაწყვეტილება კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იყო მიღებული. დროებითი საგამოძიებო კომისია ათი წევრისგან დაკომპლექტდა. ხუთი ადგილი ექნება ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, ორი – „ხალხის ძალას“, ერთი – პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელ სოციალისტებს“ და ორი ადგილი იქნება დარჩენილი ვაკანტური, რომელიც შეივსება მას შემდეგ, რაც უფრაქციო დეპუტატები, ანუ გახარიას პარტია თუ გაამართლებს საკუთარი ამომრჩევლის ნდობას, პარლამენტში შემოვა და ამ ადგილს აითვისებს. ანუ ორი ადგილი ექნება „ხალხის ძალას“, ერთი – „ევროპელ სოციალისტებს“ და ორი ადგილი ვაკანტური იქნება ისევ ოპოზიციის კვოტით, რომლის ათვისების შესაძლებლობაც ექნებათ გახარიას პარტიას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის მუშაობა იქნება გამჭვირვალე.
„საგამოძიებო კომისია ფუნქციონირებას მალევე დაიწყებს. იქნება გამჭვირვალე პროცესი. მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია. ამაზე გვისაუბრია და შეგვიძლია, კვლავ ხაზი გავუსვათ სამართლიანობის დადგენისა და აღდგენის იმ განსაკუთრებულ როლს, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ასამდე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ სისტემურ დანაშაულზეა საუბარი. საზოგადოების მოთხოვნაა ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესისთვის თავის სახელის დარქმევა. სამწუხაროდ, დღემდე ეს ვერ განხორციელდა. დღეს ჩვენი ქვეყნის სუვერენული შესაძლებლობაა, სრულად დააკმაყოფილოს საზოგადოების ეს მოთხოვნა. პროცესი მივა ბოლომდე, ყველა საკითხს დაესმება წერტილი და თავისი სახელი დაერქმევა იმას, რაც საქართველოში 2012 წლამდე ხდებოდა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.