გამოძიების მიერ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაიგეგმა და ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის ფარგლებში, მონაწილე პირების მიერ შეიქმნა რეალური საარჩევნო უბნების ანალოგიური საარჩევნო უბნები, რის შემდეგაც მოხდა ერთი და იგივე პირის მიერ ორ განსხვავებულ უბანზე ხმის მიცემის მცდელობა. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იმავე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, – ამის შესახებ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ბექა კვიციანმა განაცხადა.
პროკურორის თქმით, ჩატარებული ექსპერიმენტით ასევე გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იგივე საარჩევნო უბანზე ხმის განმეორებით ან/და მრავალჯერადად მიცემის შესაძლებლობა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, ასევე სხვადასხვა პირის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების და გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო მასიური გაყალბება გამოიწვია, ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იმავე ან სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის არაერთჯერადმა მიცემამ, რასაც საარჩევნო უბნებზე უხარისხო მარკირების სითხის გამოყენებამ შეუწყო ხელი.
აღნიშნულის შესასწავლად გამოძიების მიერ საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დაიგეგმა და ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის ფარგლებში, მონაწილე პირების მიერ შეიქმნა რეალური საარჩევნო უბნების ანალოგიური საარჩევნო უბნები, რის შემდეგაც მოხდა ერთი და იგივე პირის მიერ ორ განსხვავებულ უბანზე ხმის მიცემის მცდელობა. ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნების დროს გამოყენებული ვერიფიკაციის აპარატებით შეუძლებელია ერთი და იგივე პირის მიერ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა. ჩატარებული ექსპერიმენტით, ასევე გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ ერთი და იგივე საარჩევნო უბანზე ხმის განმეორებით ან/და მრავალჯერადად მიცემის შესაძლებლობა“, – განაცხადეს პროკურატურაში.
პროკურატურის ცნობით, ექსპერიმენტის ფარგლებში ასევე დადგინდა, რომ ვერიფიკაციის აპარატში ერთი რომელიმე საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიის გააქტიურების შემთხვევაში, იმავე აპარატში სხვა უბნის მონაცემების გააქტიურება შეუძლებელია.
„აქედან გამომდინარე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების შედეგებით და მასში მონაწილე საერთაშორისო ექსპერტების გამოკითხვით გამოირიცხა ერთი ამომრჩევლის მიერ როგორც სხვადასხვა, ასევე ერთსა და იმავე საარჩევნო უბანზე განმეორებითი, თუ მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიული შესაძლებლობა.
მოცემული ფაქტი ასევე დადასტურებულია ცესკო-დან გამოთხოვილი საერთაშორისო აუდიტორული დასკვნებითაც.
მიუხედავად საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებისა, გამოძიების მიერ დამატებით დაინიშნა კომპლექსური კომპიუტერული ექსპერტიზა, რათა საექსპერტო კვლევების შედეგად დადგინდეს ამომრჩეველთა ორმაგი ან/და არაერთჯერად ვერიფიკაციის შესაძლებლობა. ექსპერტიზის შესწავლის საგანს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, არჩევნების დასრულების მომენტიდან ექსპერტიზის წინაშე გამოძიების მიერ ინფორმაციის წარდგენამდე ხომ არ განხორციელდა რამე სახის ხელოვნური ჩარევა ვერიფიკაციის აპარატებში დაცულ ინფორმაციაზე“, – განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.