საელჩოებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსამართლე ჩხიკვაძის მიმართ ბოდიშის მოხდა ეკუთვნით – გამობრძანდით და მოუხადეთ ბოდიში ამ ოჯახს და სასამართლო სისტემას! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, განცხადებას გააკეთებს, რომ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება შეცდომა იყო.
“[ამერიკის] საელჩო, მთელი თავისი ამფსონებით ამ ოჯახს აბულინგებდით მოსამართლის ამ გადაწყვეტილების გამო, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ საერთოდ განხილვაში არ მიიღო, იმიტომ რომ სამართლიანად მიესაჯაო. ახლა რა ვქნათ? არ ეკუთვნით, რომ გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ? თქვან, რომ “კი, შეცდომა დავუშვით, ბატონ ჩხიკვაძეს უსაფუძვლოდ დავდეთ ბრალი მიკერძოებულ გადაწყვეტილებაში, ასე რომ ბოდიშს ვიხდით მისი ოჯახის და რეპუტაციის წინაშე”. როგორც საელჩოებს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს ხომ ეკუთვნით? ეკუთვნით. იმ 4 მოსამართლეზე, რომლებიც სანქცირების ქვეშ არიან, ამდენი ხანი ველოდებით და ერთი არგუმენტი ვერ მოიტანეს. ასე როგორ შეიძლება გაგრძელდეს?! ასე როგორ შეიძლება დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტების საფუძველზე, შენ დაასანქცირო დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი ქვეყნის მოსამართლე, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოდ. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ სწორი მიმართვა იყო ჩვენი ლიდერების მხრიდან. დიახ, იქ სადაც არის შეცდომა დაშვებული, არ აქვს მნიშვნელობა არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება, თუ საელჩოების, ელჩების მხრიდან, იქ უნდა იყოს კეთილი ნება – გამობრძანდით და მოუხადეთ ბოდიში ამ ოჯახს და სასამართლო სისტემას,” – განაცხადა ზარქუამ.