სადაც ქართული, კარგი საქმე კეთდება, იქ არის ჩემი ადგილი. მე კეთროვანი კი არ ვარ, ყველგან შემიძლია მისვლა, დასწრება, – ასე უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რას უკავშირდება ინფექციური ცენტრის ახალი შენობის გახსნაზე მისი ყოფნა.
ლილუაშვილმა განმარტა, რომ ეკონომიკური საბჭოს მოქმედი წევრია და ყველა ეკონომიკური საკითხის განხილვას ოფიციალურად ესწრება.
„კრიტიკული ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილი როცა იხსნება, ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა. კოვიდის პერიოდში დაამტკიცა ამ ექიმების ჯგუფმა, ამ ინფრასტრუქტურამ, რომ ეს არის უპირველესი უსაფრთხოება უსაფრთხოების მიმართულებით, როდესაც პანდემია არის, როდესაც ქვეყანაში გაჭირვებაა ვირუსების მხრივ და ა.შ. მე გახლავართ ეკონომიკური საბჭოს მოქმედი წევრი, რომელიც აბსოლუტურად ყველა ეკონომიკური საკითხის განხილვას ვესწრები ღიად, ოფიციალურად. წინა დაკვირვებებიც მახსოვს თქვენი სასტუმროს გახსნაზე. სადაც ქართული, კარგი საქმე კეთდება, იქ არის ჩემი ადგილი. მე კეთროვანი კი არ ვარ, ყველგან შემიძლია მისვლა, დასწრება“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
ამასთან, სუს-ის უფროსმა განმარტა, რომ პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს.
„არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკაში ჩართვას. ეს ბევრჯერ გითხარით და მოდით, ერთხელ და და სამუდამოდ ეს საკითხი ამოვწუროთ“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის სურვილი ან ინტერესი არ აქვს.
„არანაირად. პირიქით, მე პოლიტიკიდან წამოვედი, მიბრუნებას აღარ ვაპირებ“,- განაცხადა ლილუაშვილმა. მისივე თქმით, თუ მსგავსი შემოთავაზება იქნება ბიძინა ივანიშვილს მხრიდან, მადლობას გადაუხდის ნდობისთვის, მაგრამ უარს ეტყვის.