სადაც იქნება „ტვ პირველი“, იქ რომ მივარდება ვიღაც ზონდერი, ვიღაცას ხელს დაარტყამს და დედას შეაგინებს, ეს არის დელეგიტიმაციის საფუძველი თურმე – მამუკა მდინარაძე

10
spot_img

მაინც და მაინც იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“, გადაადგილდება 30-ზე მეტი ადამიანის ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

მისი შეფასებით, დღეს „მთავარი“ და „ფორმულაც“ კი ისე არ იქცევა, როგორც „ტვ პირველი“.

„მაგალითად, ბოლო საათნახევრის განმავლობაში, ისანში გადაადგილდება 30 კაციანი ჯგუფი, შეიძლება, ცოტა მეტიც. ისინი მიდიან, ფიზიკურად უსწორდებიან იქ მყოფ ადამიანებს, განურჩევლად იმისა, ვინ ხვდებათ ადგილზე. ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, უწყობენ პროვოკაციებს იმისათვის, რომ შეიქმნას არეულობის კერები. მათ შორის, განსაკუთრებით ეს ხდება იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“. ეს არის დამთხვევა. მაქსიმუმ, რამდენი ჯგუფი ეყოლება „ტვ პირველს“? მაინც და მაინც იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“, გადაადგილდება 30-ზე მეტი ადამიანის ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანებს – ამომრჩევლებს და ასე შემდეგ. რისთვის ხდება ეს ყველაფერი. მე მოგასმენინებთ „ტვ პირველის“ წამყვანების ერთ ფრაზას და უდავოა, რომ ეს არის დადგმული სპეცოპერაცია ზონდერების და ტელეზონდერების ჩართულობით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამის შემდეგ მან ბრიფინგზე შემდეგი შინაარსის ჩანაწერი ჩართო: „ქართულ ოცნებას“ უკვე სჯერა, რომ არჩევნებს აგებენ და გადასული არიან პირდაპირი მნიშვნელობით ანგარიშსწორებაზე. ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად“.

„აი, ეს არის ყველაფერი, ამით ყველაფერია ნათქვამი. „ტვ პირველი“ ანუ „ნაცმოძრაობა“ ამბობს, – „ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთ პირობებში ჩატარებული არჩევნები ჩაითვალოს ლეგიტიმურად. და რატომ – მათი ზონდერები დარბიან, ხალხს სცემენ, შეურაცხყოფას აყენებენ, ხანდახან პასუხსაც იღებენ, თურმე ლეგიტიმაციას აქვს პრობლემა იმიტომ, რომ სადაც იქნება „ტვ პირველი“, იქ რომ მივარდება ვიღაც ზონდერი, ვიღაცას ხელს დაარტყამს და დედას შეაგინებს, ეს არის დელეგიტიმაციის საფუძველი თურმე, მეტი ვერაფერი მოახერხეს ამ ქვეყანაში დღეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.