“სად დაიკარგა ემანუელ მაკრონი? საფრანგეთის პრეზიდენტი საარჩევნო კრიზისის დროს “რადარებიდან გაქრა”-Politico

38
spot_img

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ გამოცემაში, რომელიც ბრიუსელში იბეჭდება, აქვეყნებს სტატიას სათაურით: “სად დაიკარგა ემანუელ მაკრონი? საფრანგეთის პრეზიდენტი საარჩევნო კრიზისის დროს “რადარებიდან გაქრა” (ავტორი – ქლეა ქოლქათი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა ემანუელ მაკრონი სულ ბოლოს საჯაროდ, საზოგადოების წინაშე გამოსული ნახეს, მას მოდური მზის სათვალეები ეკეთა, მუქი საზაფხულო ქურთუკი ეცვა და შავი „ბეისბოლის“ ქუდი ეხურა. პრეზიდენტი ტელეარხების კადრებში იმ დროს მოხვდა, როცა კვირას, 30 ივნისს, ხმას აძლევდა საფრანგეთის პარლამენტის (ეროვნული კრების) არჩევნების დროს, საკურორტო ქალაქ ლე-ტუკში. თავი რომ დავანებოთ მის პიჟონურ გამოხტომებს, ბოლო დროს შესამჩნევია, რომ ფრანგი ლიდერი ცდილობს ჩრდილში იყოს და საზოგადოებას ზედმეტად არ დაენახვოს. ზოგიერთ საერთაშორისო შეხვედრაში მონაწილეობის გარდა, ემანუელ მაკრონი თითქმის ორი კვირაა „მიმალვაშია“.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პრეზიდენტი ერთხელაც არ გამოსულა ტელევიზიით, რომ თავისი შეშფოთებული მხარდამჭერები გაემხნევებინა იმ კატასტროფული მარცხის შემდეგ, რაც პარტიამ და ალიანსმა განიცადეს. ამის ნაცვლად ელისეის სასახლემ მოკლე განცხადება გაავრცელა და პარტიას სიმტკიცისა და ერთიანობისაკენ მოუწოდა.

ცენტრისტული ალიანსი, რომელიც ისედაც კარგად არის შეფერთხილი ევროპარლამენტის არჩევნებში განცდილი წარუმატებლობის გამო, ახლა იძულებულია ლიდერის გარეშე „თავგანწირულად“ იბრძოლოს და რაც მომხრეები ჰყავს დარჩენილი, ისიც არ დაკარგოს. რეალობა ისეთია, რომ პრეზიდენტის მოკავშირეებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტის დანახვა არ სურთ. ემანუელ მაკრონის ფოტოსურათები არ ჩანს არც სააგიტაციო პლაკატებზე და არც ბროშურებში.

„მას უთხრეს, რომ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ მიეღო. ვერ ვიტყვით, რომ იგი ნებაყოფლობით დათანხმდა ასეთ გაფრთხილებას. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ემანუელ მაკრონი აიძულეს“, – განაცხადა პრეზიდენტის პარტია „აღორძინების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელმაც ამ ფრიად დელიკატური საკითხის კომენტირებისას ანონიმურობის დაცვა ითხოვა. „პრეზიდენტმა სათანადოდ ვერ შეაფასა, თუ რამდენად შემაზრზენია საზოგადოებისათვის მისი პიროვნება“, – დაამატა პარტიულმა ჩინოვნიკმა.

ვრცელდება ხმები, რომ პრეზიდენტის პარტიის ზოგიერთი „მძიმეწონიანი“ ჩინოვნიკი უკმაყოფილოა შექმნილი სიტუაციით და ისინი ამაში ბრალს ლიდერს სდებენ. ერთ-ერთმა საკვანძო მხარდამჭერმა მინისტრმა „დემაკრონიზაციის“ აუცილებლობაზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ „პრეზიდენტის იმიჯი გაცვდა“,
აქტიური და მჭევრმეტყველი 46 წლის პრეზიდენტისათვის, რომელსაც მუდამ მოვლენების ცენტრში ყოფნა უყვარს, ახალი იდეების შეთავაზება და ძველი ტრადიციების დარღვევა, რასაკვირველია, ასეთი ახალი რეალობა ძალზე არაკომფორტულია.

რა ხდება ელისეის სასახლის “ბუნკერში”

მაგრამ გადასახლებაში გაგზავნილი ნაპოლეონ ბონაპარტისაგან განსხვავებით, ემანუელ მაკრონი ელისეის სასახლის „ბუნკერში“ სამუშაო მაგიდასთან ზის და ახალი ბატალიებისათვის ემზადება – თუ როგორ უნდა მართოს ქვეყანა 7 ივლისს მოსალოდნელი მძიმე მარცხის შემდეგ. შესაძლოა, საფრანგეთის პრეზიდენტს მოუწევს „თანაარსებობის მთავრობაში“ მარინ ლე პენის პარტიასთან – „ეროვნულ გაერთიანებასთან“ ითანამშრომლოს, რომელსაც, აშკარაა, პარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია ეყოლება.

ხმები ხმებად, მაგრამ ბოლო დღეებში ემანუელ მაკრონი იმასაც ცდილობს, რომ მისი პარტიის კრიზისის მოსალოდნელი გაღრმავების ფონზე თავისი გავლენა როგორმე განამტკიცოს. მან ქვეყანაში რამდენიმე მაღალჩინოსანი შეცვალა და პარალელურად ევროკავშირისაგან ითხოვს, რომ მისი მოკავშირეები ბრიუსელის სტრუქტურებში მნიშვნელოვან პოსტებზე დაინიშნონ. ამის საპასუხოდ, მარინ ლე პენმა ემანუელ მაკრონი „ადმინისტრაციული გადატრიალების“ ორგანიზების მცდელობაში დაადანაშაულა.
მოკლედ, ჩრდილში მყოფი პრეზიდენტი მძიმე გამოცდისათვის ემზადება. ოთხშაბათს მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პოლიციასა და უშიშროების ორგანოებში ახალი პირების დანიშვნები გამოაცხადა. მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა სახმელეთო ჯარებში, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალებში – ათობით ახალმა [პრეზიდენტის ერთგულმა] ჩინოვნიკმა ძველები ჩაანაცვლა.

მაკრონის ზოგიერთი მოკავშირის თქმით, შესაძლებელია მყიფე პარტიული კოალიციის შექმნა – ისეთისა, როგორის ჩამოყალიბება გერმანიაში და ესპანეთში მოხერხდა. „შესაძლოა ეს არის შანსი იმისა, რომ ჩვენი მმართველობის სისტემა შეიცვალოს“, – განაცხადა რადიოინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა. როგორც მან აღნიშნა, არჩევნების შემდეგ შეიძლება „პლურალისტური ეროვნული კრება“ ვიხილოთ, რომელშიც პოლიტიკური ფრაქციები – მემარჯვენეები, მემარცხენეები და ცენტრისტები ერთად იმუშავებენ და საინტერესო სახელმწიფოებრივ პროექტებს ურთიერთშეთანხმებებით განახორციელებენ“.

მაგრამ ასეთი ალიანსის გაჩენა 7 ივლისის ხმის მიცემის შედეგებზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ეს შესაძლებელი იქნება: ა) იმ შემთხვევაში, თუ ემანუელ მაკრონი უკიდურესად მემარცხენეებთან ერთად მუშაობაზე დათანხმდება და ბ) თუ სოციალისტები, მწვანეები და კომუნისტები (ანუ მემარცხენე ძალების წარმომადგენლები) კავშირს გაწყვეტენ თავიანთ პარტნიორ პარტია „დაუმორჩილებელ საფრანგეთთან“, რომლის ლიდერს ჟან-ლუკ მელანშონი წარმოადგენს. ერთიც და მეორეც, დღევანდელი მონაცემებით, ნაკლებსავარაუდოა.

ძველებურად ისევ ანგარიშგასაწევი?

მაგრამ განა რამდენ ხანს აარიდებს თავს პრეზიდენტი ტელეკამერებს? როგორც ჩანს, არცთუ ისე დიდხანს. როცა კვირა საღამოს ნათელი გახდება მარინ ლე პენის პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ გამარჯვების მასშტაბები, პრეზიდენტს მოუწევს ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე იზრუნოს. თუ პარლამენტში მემარჯვენეებს აშკარა უმრავლესობა არ ეყოლებათ, მაშინ მთავრობის მეთაურის დანიშვნას და მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას შეიძლება კვირები დაჭირდეს.
„მაკრონი ისევ თავის ხელში აიღებს ინიციატივას როგორც საფრანგეთის ინსტიტუტების ხელისუფლების გარანტი“, – ამბობს ზემოხსენებული ანონიმური პარტიული ჩინოვნიკი. თუ მემარჯვენეები გაიმარჯვებენ და აბსოლუტურ უმრავლესობას მიიღებენ, ემანუელ მაკრონი იძულებული გახდება პრემიერ-მინისტრის პოსტზე მარინ ლე პენის პარტიის წარმომადგენელი ჟორდან ბარდელა წამოაყენოს. თუ მემარჯვენეები უმრავლეს ადგილებს ვერ დაიკავებენ, მაშინ პრეზიდენტი ხანგრძლივ მოლაპარაკებას დაიწყებს კოალიციის შესაქმნელად იმ პარტიებთან, რომლებიც დღეს მისი მეტოქეები არიან – მემარცხენე და მემარჯვენე ფლანგიდან.
მაგრამ ძალზე ძნელია წინასწარ იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიძლება ურთიერთობის დამყარება ემანუელ მაკრონის ლიბერალ მოკავშირეებთან და მათი რეპუტაციის გაუმჯობესება ფართო საზოგადოების თვალში იმ დროს, როცა მაკრონისტების რეიტინგი და პოპულარობა, უბრალოდ, დაინგრა, რასაც ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვები ადასტურებს.
გაბრიელ ატალი, რომელიც ერთ-ერთი იშვიათი მეტ-ნაკლებად პოზიტიური ფიგურაა მაკრონის მომხრეებიდან და რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს გარკვეულ პოპულარობას, როცა მის შეფს აკრიტიკებენ, ფართოდ იღიმება და თან ბრაზისაგან კბილებს აკრაჭუნებს. ფრანგული პოლიტიკა კრიზისშია, ემანუელ მაკრონს „უგუნურს“, „ქაოსის აგენტს“ უწოდებენ და ადანაშაულებენ, რომ სწორედ ის არის ფიასკოს ავტორი.
როგორც ჩანს, უახლოეს პერსპექტივაში პრეზიდენტის ვერავითარი ქარიზმა, ვერავითარი მოდური ქურთუკები და ჰოლივუდის ბლოკბასტერებით რეკლამირებული სათვალეები სიტუაციას ვერ შეცვლის.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: