
ამერიკელი ხალხი როგორც იცავს საკუთარ სუვერენიტეტს, ზუსტად ისე დავიცავთ ჩვენც. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედების შემდეგ ოდიოზურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონის დამორჩილებაზე უარი თქვეს და ჯარიმებს გადავიხდითო. შესაბამისად, კანონი იმდენად ეფექტიანი არ არის, რომ აღსრულების ის საშუალებები ჰქონდეს, რა მიზანსაც წარმოადგენს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
გორდულაძის თქმით, ამიტომ უნდა მიიღონ „ფარას“ კანონი, რომელიც, „ამერიკაში ეფექტურად მოქმედებს“.
„სად არის ის დაინტერესებული პირები და „აღშფოთებული მოქალაქეები“, რომლებიც ამბობდნენ, რომ „რუსული კანონის“ მიღებას არ დაუშვებდნენ? – ტყუილი ნარატივი ჩამოეშალათ. გაცილებით რბილ კანონზე ამბობდნენ, რუსულიაო და ახლა მკაცრ კანონზე ხმას არ იღებენ, რომელიც კანონდარღვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობს, რომ კონკრეტული ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყანაში ხელს უწყობდა ძალადობას. მათი დაფინანსება უკვე შეჩერებულია და ახლა ამ ადამიანებსაც დავალება არ აქვთ, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს, სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.