“საბოლოო ჯამში, მგონი ხელს გამოჰკრავენ საგამოძიებო კომისიის შექმნას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ”-კობახიძე

72
spot_img

საქმე როცა ეხება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც ოპოზიციის ინიციატივაა, მგონი, საბოლოო ჯამში, ისინი ხელს გამოჰკრავენ საგამოძიებო კომისიის შექმნას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებს არა გამოძიება, არამედ სისტემატიზაცია სჭირდება.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რა დანაშაულები აქვთ მათ ჩადენილი, უბრალოდ, საჭიროა სისტემატიზაცია, მაგალითად, იმისა, რომელი ადამიანების სიცოცხლე შეეწირა „ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ საქმიანობას 9 წლის განმავლობაში, რომელი ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა, ვისი წამება მოხდა, არაადამიანური მოპყრობა ვის მიმართ განხორციელდა, ვის წაართვეს ბიზნესი, ვის ჩამოართვეს ქონება, ვინ გაძარცვეს კეზერაშვილმა, სააკაშვილმა, ადეიშვილმა და სხვებმა, როგორ ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას ტერიტორიები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რა ფორმით შეიძლება გამოჰკრას ხელი ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნას და განიხილება თუ არა ეს საკითხი, კობახიძემ განაცხადა, რომ ის არაფერს გამორიცხავს.

„ათი წელია გასული ამ დანაშაულების ჩადენიდან, მადლობა ღმერთს, მათ აღარ შეუძლიათ ხელისუფლების პოზიციებიდან ასეთი დანაშაულების ჩადენა. ხალხმა ამოისუნთქა, ბიზნესმა მოიპოვა თავისუფლება, ციხეებში 2.5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ადამიანები გათავისუფლდნენ იმ წნეხისგან, რომელიც ადეიშვილი-სააკაშვილის სასამართლოს მხრიდან ჰქონდათ და ა.შ. მაგრამ, ათი წელია გასული, რაც ნიშნავს, რომ ემოციურ დონეზე მაინც, თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას ავიწყდება, ის დანაშაულები, რაც მათ მიერ იქნა ჩადენილი. შესაბამისად, ათი წლის თავზე, შეიძლება, კარგი დრო იყოს იმისთვის, რომ უბრალოდ გავახსენოთ ეს საზოგადოებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში.