დღეის მდგომარეობით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას დააკომპლექტებს უპრობლემოდ, იქნება მმართველი ძალა. რაც შეეხება ოპოზიციას, რაც დღეის მდგომარეობით ჩანს, კიდევ 2 ჯგუფი ლახავს ბარიერს, დანარჩენები ვნახოთ, როგორ გადაეწყობიან, – ამის შესახებ ბექა დავითულიანმა განაცხადა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ასევე იმ სავარაუდო სცენარზე ისაუბრა, რომლითაც წინასაარჩევნო პერიოდი განვითარდება.
„პირადად მე ვვარაუდობ, რომ პროცესი განვითარდება შემდეგნაირად – მაგალითად, როდესაც სექტემბერში არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწევთ რეგისტრაცია, ერთ-ერთი დონორის მხრიდან მოხდება კოორდინირება პროცესის, რომ არ დარეგისტრირდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ვიცი, ისინი ეუბნებიან, რომ პროგრამებს შეუწყვეტენ. შესაბამისად, ეს იქნება საპროტესტო ტალღის პირველი ეტაპი. შემდეგ ამას ალბათ მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი რეაგირება და დაჯარიმება, რაზეც იქნება მეორე შემოტევა, თითქოსდა იდევნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ასეთ ფონზე წინასაარჩევნო გარემო თითქოსდა მძიმეა. ამას, რა თქმა უნდა, უცხოეთიდან მოჰყვება ორკესტრირებული განცხადებები, თითქოსდა ჩვენ ვამძიმებთ წინასაარჩევნო გარემოს, არადა ამ სპექტაკლს დგამენ თვითონ ის ძალები, რომლებიც აორგანიზებენ იმას, რომ ამ არასამთავრობოებმა არ გაიარაონ რეგისტრაცია.
ეს განცხადებები გაკეთდება, ჩვენ ჩამოვიყვანთ ოფიციალურ უცხოელ დამკვირვებლებს. ეუთო/ოდირი არის ოფიციალური შემფასებელი და ყველა პარტიას უზის თავისი წარმომადგენელი, როგორც საარჩევნო უბანზე, ისე ოლქში, ისე ცესკოში. ვერცერთი მათგანი მასობრივად ვერ დააფიქსირებს ისეთ დარღვევებს, რომლებსაც შეიძლება არჩევნების შედეგზე ჰქონდეს გავლენა. ამიტომ განცხადებები იმის შესახებ, თითქოს წინასაარჩევნო გარემო იყო ცუდი, თითქოს მოხდა დარღვევები, დარჩება განცხადებებად და ამას ფაქტებით ვერავინ დაასაბუთებს. შესაბამისად, საბოლოო ჯამში არჩევნების აღიარება მოუწევს ყველას, რადგან არ ექნებათ არანაირი ობიექტური დასაბუთება, რომ პირიქით მოხდა და მერე მოუწევთ საუბარი ურთიერთობების გადატვირთვაზე“, – მიიჩნევს დავითულიანი.