საბედისწერო არჩევნები ევროპის „უკანა ეზოში“: რუსეთი ცდილობს მოლდოვა და საქართველო თავისი გავლენის სფეროში მოაქციოს – Stuttgarter Zeitung

31
spot_img

გერმანული გაზეთი „შტუტგარტერ ცაიტუნგი“ (Stuttgarter Zeitung – იბეჭდება ქალაქ შტუტგარტში, ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, 1945 წლიდან. ტირაჟი – 200 ათასი ეგზ.) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საბედისწერო არჩევნები ევროპის „უკანა ეზოში“: რუსეთი ცდილობს მოლდოვა და საქართველო თავისი გავლენის სფეროში მოაქციოს, ევროკავშირი კი კრემლის მოქმედებას საკვირველი თავშეკავებით უყურებს“ (ავტორი – კნუტ კრონი).


ევროპა რომ შიშით უყურებს შორეულ აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას დონალდ ტრამპისა და კამილა ჰარისის მონაწილეობით, ეს გასაგებია, მაგრამ ევროპული დემოკრატიის მომავლისათვის მნიშვნელოვანია კიდევ ორი არჩევნები, რომლებიც ამერიკასთან შედარებით ახლოს მდებარეობენ – მოლდოვაში (საპრეზიდენტო, 20 ოქტომბერს) და საქართველოში (საპარლამენტო, 26 ოქტომბერს). ორივე სახელმწიფოში დაგეგმილ არჩევნებს საგარე ოპოლიტიკური კურსის შემცვლელი მიზანი აქვს – კიშინიოვი და თბილისი ან ბრიუსელთან დარჩებიან, ან მოსკოვს ჩაეხვევიან.


რუსეთი კარგად აცნობიერებს სიტუაციისა და გადაწყვეტილების მნიშვნელობას და ცდილობს ორივე ქვეყანაში თავისი გავლენა გააფართოოს, იმავდროულად კი ევროკავშირი კრემლის მცდელობას მშვიდად უყურებს პოლიტიკური თვალსაზრისით და ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფინანსურ ბერკეტებს იყენებს.


მოლდოვაში რუსეთის გავლენის ზრდა ქვეყნის ერთიანობას ანგრევს: მოსკოვის პირმშო, სეპარატისტული რუსულენოვანი „დნესტრისპირეთის რესპუბლიკის“ სახელით ცნობილი, მრავალი წლის განმავლობაში დესტაბილიზაციის გამომწვევ სუბიექტს წარმოადგენს. კიშინიოვი ვერ აკონტროლებს დნესტრისპირეთს – ქვეყნის აღმოსავლეთში, მდინარე დნესტრის გასწვრივ არსებულ მიწის ვიწრო ზოლს, სადაც რუსეთის არმიის ათასობით სამხედრო მოსამსახურე და ადგილობრივი მოსახლეობის გასამხედროებული ქვედანაყოფებია დისლოცირებული.


„კრემლის ზრუნვა“: 100 მილიონი დოლარი მოლდოვისათვის


მოლდოვაში რუსეთი დეზინფორმაციის მასშტაბურ კამპანიას აწარმოებს არჩევნებამდე დარჩენილ დროში – მიმდინარეობს პრორუსული პარტიების, მასმედიისა და პოლიტიკოსების დიდი ფულით უზრუნველყოფა, რომელთა სპონსორს კრემლი წარმოადგენს. მოსკოვის მიზანია თანამდებობას ჩამოაშოროს მაია სანდუ, რომელსაც 20 ოქტომბერს მეორე ვადით არჩევა სურს. ერთ-ერთი მოლდოვური ანალიტიკური ცენტრის WatchDog-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის განმავლობაში კრემლმა მოლდოვას საშინაო პოლიტიკაში ჩარევისთვის 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.
მოსკოვისათვის მოლდოვაში განსაკუთრებულ პრობლემად ითვლება რეფერენდუმი, რომელიც ასევე 20 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. მაია სანდუს უნდა, რომ ქვეყნის მიზანი – ევროკავშირის წევრობა – კონსტიტუციაში ჩაიწეროს. ამის ინტერპრეტაცია სხვადასხვანაირად ხდება, თუმცა ის უფრო მეტად ერთგვარ გამაფრთხილებელ და დამცავ ზომას წარმოადგენს იმ შემთხვევისათვის, თუ პრორუსული ძალები გაძლიერდებიან და მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში თავიანთი მიზნების გატარებას შეეცდებიან.


ფულის პაკეტი მოლდოვას – ევროკავშირის სახელით


არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირმა აჩვენა, რომ მისთვის პატარა ქვეყნის ბედი უმნიშვნელო არ არის. ამას წინათ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში ყოფნისას მოლდოვას დახმარებას დაჰპირდა 1,8 მილიარდი ევროს რაოდენობით. ბრიუსელი ამ თანხას დახარჯავს „სკოლების რეკონსტრუქციისა და ახალი საავადმყოფოების მშენებლობისათვის, ინტერნეტისა და ტრანსპორტის განვითარებისათვის და ა.შ.“. გარდა ამისა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ერთ-ერთი ორგანიზაციის წევრ ხუთ პიროვნებას, რომლებიც პრორუსული პოლიტიკის გატარებაში არიან შემჩნეულნი. გასულ წელს სანქციების ქვეშ აღმოჩნდა 11 მოქალაქე, მათ შორის პრორუსუსლი ოლიგარქი ილან შორი, რომელიც ამჟამად დევნილია და მოლდოვას ფარგლებს გარეთ იმყოფება.


საქართველოში ტონის მიმცემი მილიარდერია


პრეზიდენტი-ქალის წინააღმდეგ მიმდინარეობს მოსკოვის მიერ მართვადი დეზინფორმაციის ფართო კამპანია საქართველოშიც, სადაც საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. მმართველი პრორუსული პარტია „ქართული ოცნება“ ცდილობს თანამდებობიდან გაათავისუფლოს პროდასავლურად განწყობილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მას ბრალად უყენებენ, რომ ევროკავშირთან დაახლოების მიზნით ბერლინში, პარიზში და ბრიუსელში ვიზიტები თითქოსდა მთავრობის ნებართვის გარეშე განახორციელა.


მმართველმა პარტიამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა: 2012 წლიდან, როცა პირველად გაიმარჯვა არჩევნებში და ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა, „ქართული ოცნება“ ლიბერალური პროდასავლური კურსის ერთგული იყო, მაგრამ შემდეგ მთავრობამ მზერა რუსეთს მიაპყრო და კრემლის მსგავსად ამოქმედდა – უფლებები შეუზღუდა მასმედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამიტომაც ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში მიღების პროცესი შეუჩერა.


მმართველი პარტიის ლიდერია ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი და ექს-პრემიერ-მინისტრი, რომელსაც მოსკოვთან მჭიდრო კონტაქტების აქვს. ოლიგარქი აცხადებს, რომ დასავლეთი მის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებს. ამის დამადასტურებელი ფაქტია ის, რომ მისი აქტივები, ორი მილირდი დოლარის ოდენობით, პრაქტიკულად გაყინულია.


მოსკოვი – მშვიდობის მტრედი საქართველოსთვის?


გაგანია საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის დროს, 26 ოქტომბერს დაგეგმილი ხმის მიცემის წინ, თბილისმა მოსკოვისაგან მოულოდნელი წინადადება მიიღო, რომლის თანახმად, კრემლი შეეცდება საქართველო და მის მიმართ მტრულად განწყობილი [სეპარატისტული] რესპუბლიკები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“ – ერთმანეთთან შეარიგოს. ამრიგად, კონფლიქტების ნორმალიზება, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, შერიგებით გზით მოხდება. ორივე სეპარატისტული რეგიონის [„რესპუბლიკის“] ტერიტორია პრაქტიკულად რუსეთის არმიის მიერ არის ოკუპირებული და ამ დროს საქართველოს მთავრობა სიხარულით შეხვდა კრემლის წინადადებას.


კრიტიკოსთა აზრით, მოსკოვი პირდაპირ და დაუფარავად ერევა საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში და სურს როგორმე დაეხმაროს პრორუსულ მმართველ პარტიას გამარჯვების მოსაპოვებლად. იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ დამარცხების შანსი არჩევნებში არასდროს არ ყოფილა ასეთი მაღალი, როგორც დღეს არის. რასაკვირველია, თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება, საქართველოზე რუსეთის გავლენა შესუსტდება, რაც კრემლს არ სურს. სწორედ ამიტომ არის დაინტერესებული კრემლი „ოცნების“ წარმატებაში.


წყარო