საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

112
spot_img

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით არის საუბარი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, „რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ინტერესების გამტარებელი მედიასაშუალებები აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას რიკოთის პროექტთან დაკავშირებით“.

მათივე თქმით, ტყუილია, თითქოს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. გზების დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რიკოთის პროექტთან დაკავშირებულ მუდმივ საჯარო კომუნიკაციაში პროექტის დასრულების ვადად გაცხადებულია 2023 წლის ბოლო.

„მიუხედავად ბოლო დღეებში საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებაში მითითებული დეტალური ინფორმაციისა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ინტერესების გამტარებელი მედიასაშუალებები, აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას რიკოთის პროექტთან დაკავშირებით.

როგორც ოპოზიციური პარტიის, ისე მედიის წარმომადგენლები არ ერიდებიან საზოგადოებისთვის ტყუილზე, ფაქტობრივ უზუსტობებსა და დამახინჯებულ გარემოებებზე აგებული ინფორმაციის მიწოდებას, რითიც სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, კომპანიების და პროექტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაჩენას ისახავენ მიზნად.

პირველ ყოვლისა, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ტყუილია, თითქოს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. სიცრუეა ისიც, თითქოს დღემდე უცნობია როდის დასრულდება პროექტი. რიკოთის პროექტთან დაკავშირებულ მუდმივ საჯარო კომუნიკაციაში პროექტის დასრულების ვადად გაცხადებულია 2023 წლის ბოლო. ამასთან, საზოგადოებას მუდმივად აქვს ინფორმაცია პროექტზე მიმდინარე სამუშაოების პროგრესის შესახებ და მათი დიდი ნაწილი უკვე სარგებლობს კიდეც გზის ახალი მონაკვეთებით.

ასევე, კორუფციული ფაქტების არსებობაში მოსახლეობის დარწმუნების მიზნით, გრძელდება სრულიად დაუსაბუთებელი და ცარიელი ბრალდებების ტირაჟირება. ვერ სახელდება ვერცერთი ფაქტი და რეალური ინფორმაციის დამალვისა თუ დამახინჯების ხარჯზე, აქაც მრუდე რეალობის შეთავაზება ხდება მაყურებლისთვის.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაში ჩართული ყველა საპროექტო, სამშენებლო თუ საზედამხედველო კომპანია შერჩეულია საერთაშორისო ტენდერის გზით. უშუალოდ ტენდერები ჩატარებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი წესით და მათი მკაცრი ზედამხედველობით. ყველა ნაბიჯი, ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებული და დადასტურებულია შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, მათი პოლიტიკისა და წესის დაცვით. შესაბამისად, კორუფციაში სახელმწიფო უწყებების აბსურდული დადანაშაულება ემსახურება მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და პროექტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაჩენას.

რაც შეეხება სამუშაოების წარმოების სიახლოვეს არსებული სოფლების მოსახლეობის პრეტენზიებს:

სოფელ ფუთში, სახლების ტექნიკურ მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე პროექტის საზედამხედველო კომპანიამ ჩაატარა სოფელში მდებარე ყველა შენობის წინასწარი კვლევა, მონიშნა ყველა ნაგებობის ბზარი და მიმდინარე აფეთქებების ვიბრაციაზე ახორციელებდა მუდმივ მონიტორინგს. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უკმაყოფილების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის მიერ უახლესი აპარატურით გადამოწმდა აფეთქებითი სამუშაოების შედეგად წარმოშობილი ვიბრაცია გვირაბთან ყველაზე ახლოს მდებარე სახლებზე. ვიბრაციის მაჩვენებელი იყო მინიმალური და გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ამასთან, 2022 წლის ოქტომბერში საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობა შემოწმდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერაც. არცერთ საცხოვრებელ სახლზე არ დადგინდა პროექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა.

რაც შეეხება  მე-4 გვირაბს, მის თავზე არ არის არცერთი სახლი. გვირაბიდან 250 მეტრში არსებული ყველა სახლი მონიშნულია და ვიბრაციის გადაჭარბება არ ფიქსირდება. თებერვალში, გვირაბის თაღსა და გრუნტს შორის არსებული მცირე მანძილისა და დიდთოვლობის გამო ჩაიშალა მიწის მცირე მონაკვეთი, რომელიც არ იყო არავის კერძო საკუთრებაში. ყველა სახლზე არსებული ბზარი ამჟამად მონიშნულია და მიმდინარეობს მონიტორინგი. პირველადი დაკვირვებით, ბზარებზე ცვლილებები არ შეინიშნება. ამასთან, ერთ-ერთი მცხოვრებლის სახლზე მიმდინარე სამუშაოების ზეგავლენის დადგენის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამზადებს შესაბამის დასკვნას.

მე-5 გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, მიმდებარე სამმა მოსახლემ მოითხოვა ქონების გამოსყიდვა. მათ სარჩელიც წარადგინეს ზესტაფონის სასამართლოში. თუმცა, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან თითოეულის საცხოვრებელი სახლი დაშორებულია მაგისტრალის სავალი ნაწილიდან, სახლების ტექნიკური მდგომარეობა უცვლელია და მათზე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა არ დგინდება. რაც შეეხება მე-5 გვირაბის სამშენებლო მოედანთან აშენებული ბეტონის ქარხანას, 2021 წლიდან იგი აღარ ფუნქციონირებს. შესაბამისად, მოსახლეობის პრეტენზია ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.

სატელევიზიო სიუჟეტში არასწორი და არასრული ინფორმაცია გავრცელდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოლითი-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთთან დაკავშირებითაც. სარეაბილიტაციო სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, ხელშეკრულება საგზაო დეპარტამენტსა და Akkord Industry Construction Investment Corporation OJSC-ს შორის 2021 წლის 3 ნოემბერს შეწყდა. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ამოქმედდა ავანსისა და  ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადარიცხულია 13 641 529 ლარი. სამუშაოების დასრულების მიზნით, ორჯერ ხელახლა გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. მაისში გამოცხადდება მორიგი ხელახალი ტენდერი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ პროექტის განმახორციელებელ უწყებასთან და დამახინჯებული ფაქტებით გაჯერებული მონაცემებით ნუ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.