,,სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ფარულობის უფლების დარღვევაზე გრძელდება”- საიას თავმჯდომარე

0
spot_img

ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე. თუმცა, ის ამას არ აღიარებს, – ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე FACEBOOK-ზე წერს, რითაც სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომას ეხმაურება.

როგორც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ქურდოვანიძე წერს, სააპელაციო სარჩელის განხილვისას ექსპერიმენტის ჩატარებისას „ცესკოს დახელოვნებულმა სპეციალისტმა“, ბიულეტენი მოათავსა ყუთში იმგვარად, რაც აცდენილი იყო იმ სწავლებასთან, რასაც ცესკო არჩევნებამდე იყენებდა.

„სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა ფარულობის უფლების დარღვევაზე გრძელდება. საყურადღებოა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გუშინ გამართულ სხდომაზე უკვე დასრულებული აქვს საქმის განხილვა, თუმცა, გადაწყვეტილებას არ აცხადებს. ბოლო მონაცემებით, 18:00 საათზე უნდა გამოეცხადებინა, თუმცა, არ აცხადებს. სავარაუდოდ, ელოდებიან რას გადაწყვეტს თბილისის სააპელაციო სასამართლო.

რაც შეეხება თბილისში მიმდინარე სხდომას. აღმოსავლეთ საქართველოს ყველა ოლქი წარმოდგენილია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის მიერ.

სხდომის დასაწყისში, ცესკოს იურისტებმა თეთრიწყაროში საიას მიერ მოგებული საქმის გაბათილების მიზნით პროცედურების დარღვევით დააყენეს საკითხი, რომ თეთრიწყაროს მოსამართლე არ იყო უფლებამოსილი განეხილა ეს საქმე, რადგან მისი ცოლი facebook-ზე კრიტიკულ პოსტებს წერს. ცოლის მიერ გაკეთებული განცხადებები არ შეიძლება მოსამართლის აცილების საფუძველი იყოს. გარდა შინაარსობრივი დაუსაბუთებლობისა, პროცედურულადაც არასწორია ამ საკითხის სააპელაციო სასამართლოში დაყენება, რადგან მათ მოსამართლის აცილება პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუყენებიათ.

ეს კარგად იცის ცესკოს იურიდიულმა დეპარტამენტმა, თუმცა, ამ სისულელის დაყენება მათ დასჭირდათ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის მიეცათ სამართლებრივი ბერკეტი, ეთქვა, რომ რადგან მხარე მოსამართლის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიც ხელახლა უნდა ჩატარდეს.

სასამართლო განსაკუთრებული მონდომებით ეცადა, რომ ექსპერიმენტი ხელოვნური შეზღუდვებით ჩაეტარებინა და ჩაატარებინა ცესკოს დახელოვნებულ სპეციალისტებს, ანუ იმ ხალხს, ვინც სხვას ასწავლის ბიულეტენის აპარატში მოთავსებას. გარდა ამისა, მან ბიულეტენი მოათავსა ყუთში იმგვარად, რაც აცდენილი იყო იმ სწავლებასთან, რასაც ცესკო არჩევნებამდე იყენებდა.

ამის შემდგომ, ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე. თუმცა, ის ამას არ აღიარებს. სხდომა გრძელდება“, – წერს ქურდოვანიძე.