“სააკაშვილს ხალხის გაერთიანება უნდა, მაგრამ არ მესმის, ოპოზიციის სახელით რატომ ლაპარაკობს” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

210
spot_img

სააკაშვილს ხალხის გაერთიანება უნდა, მაგრამ არ მესმის, ოპოზიციის სახელით რატომ ლაპარაკობს. ოპოზიციასთან რა შუაშია უგულავასთან და ვაშაძესთან ერთობა. ეს ოპოზიციის ძალიან სპეციფიკური ნაწილია, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს თავმოყვარეობა აქვს და რაღაც სხვა მიზნები აქვს, ასეთ პარტიაში არავინ გაერთიანდება.

„არ დავიჯერებ, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ოპოზიციის გამარჯვება, ვიდრე არ გახსნის თავის ტელევიზიებს პარტიებისთვის, მათ შორის ჩვენთვის, რომელიც დაბლოკილია. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიები ცენზურას ეწევიან, არ მგონია, შანსი იყოს, რომ რეალურად რამეზე ვილაპარაკოთ. ამაზე უფრო უნდა იზრუნოს მიხეილ სააკაშვილმა, რომ თავისი პარტია ღია იყოს და მართლა ცდილობდეს, ოპოზიცია გააძლიეროს. სხვა ოპოზიციის ჩაძირვით როცა ხარ დაკავებული, ვიდრე იმით, რომ „ქართული ოცნება“ დაამარცხო, არ მგონია, ამის შემდეგ სააკაშვილმა შეიძლება, მთელი ოპოზიციის სახელით ილაპარაკოს.

ცხადია, თუ ვინმეს მართლა თავმოყვარეობა აქვს და რაღაც სხვა მიზნები აქვს, ასეთ პარტიაში არავინ გაერთიანდება. მიხეილ სააკაშვილს ხალხის გაერთიანება უნდა, მაგრამ არ მესმის, ოპოზიციის სახელით რატომ ლაპარაკობს. რა შუაშია უგულავასთან და ვაშაძესთან ერთობა ოპოზიციასთან. ეს ოპოზიციის ერთი და ძალიან სპეციფიკური ნაწილია. არ მგონია, უგულავას მისვლა-წამოსვლა რამეს შეცვლიდეს, მაგრამ ეს მათი საქმეა და მათ ჰკითხეთ, რა მოტივები აქვთ. სწორი არ არის, როცა ოპოზიციაზე ასე ლაპარაკობენ. ეს ოპოზიციის პატარა ნაწილია“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ამასთან, რაქვიაშვილმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, თუ რა უკარგავს ოპოზიციას რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე.

„საერთაშორისო არენაზე ოპოზიციას რეპუტაციას უკარგავს ის კომედია, ცირკი რაც, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა მოაწყო თავისი ჯანმრთელობის ირგვლივ. რეპუტაციას უკარგავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ტელევიზიაზე ცენზურაა გაჩაღებული. ასევე ის არათანმიმდევრულობა და არაადეკვატურობა, რომელიც ხდება პოლიტიკაში მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც სააკაშვილი დაბრუნდა. ბევრ შემთხვევაში ამის წყარო „ნაციონალური მოძრაობაა“. ეს უფროა ოპოზიციის პრობლემა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია“. ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა: „ხაბეიშვილი ბევრს მუშაობს, გვყავს ახალი ვარსკვლავები, მაგრამ გვჭირდება უკვე გამოცდილი მებრძოლების, გიგი უგულავასა და სხვა ადრე გასული ადამიანების რეინტეგრაცია“.