“სააკაშვილის ტრანსფერი საზღვარგარეთ აუცილებელი და საჭიროა” – ხატია დეკანოიძე

109
spot_img

მესამე პრეზიდენტის ამ მდგომარეობაში ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საავადმყოფოში, არის ძალიან მძიმე. მისი ტრანსფერი საზღვარგარეთ არის აუცილებელი და საჭირო, – ამის შესახებ პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, სერიოზული დარღვევაა ის, რომ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება შეზღუდული აქვთ. დეკანოიძე აცხადებს, რომ აუცილებელია მასთან შევიდნენ პოლონელი ექიმებიც.

„აუცილებლად უნდა აღვნიშნო პირველ რიგში, მისი ძალიან მძიმე ფიზიკური მდგომარეობა და ის ვიზუალური სურათი, რომელიც გვაქვს მისი ჩართვის შემდეგ სასამართლოზე, ჩემთვის არის ძალიან მძიმე და დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანისთვის. პოლიტიკური შეფასებების მიღმა ვიტყვი, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას უნდა ჰქონდეს ადეკვატური შეფასება. იქ უნდა შევიდნენ პოლონელი ექიმები. ეს არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჟღერდა და მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი, მათ შორის მკურნალობის კურსი, უნდა იყოს გამოკვლეული, თუ რატომ ხდება ასე კატასტროფულად წონაში კლება. მას არ აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რადგან ჩვენ გვაქვს სასამართლო, რომელსაც მართავს სანქცირებული მოსამართლეების კლანი. მისი ვიზუალური გარეგნობა არის ძალიან მძიმე და ეს არის იმის ნიშანი, რომ ამ ხელისუფლებას მარტო პროპაგანდის ჭრილში აინტერესებს მიხეილ სააკაშვილი. ყველამ ნახა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორსაც ხატავდა „ქართული ოცნება“, – განაცხადა დეკანოიძემ.