“სააკაშვილის სურვილი, რომ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, დებატებში შევიდეს ხელისუფალთან, კიდევ ერთხელ მეტყველებს მის მზაობაზე, სიცოცხლე დადოს სასწორზე”

106
spot_img

უმძიმესია პრეზიდენტი სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ხილვა და დარწმუნებული ვარ, უმძიმესია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი პოლიტიკური გემოვნებისა, ვისაც იოტისოდენა შინაგანი მორალი და ჰუმანურობა გააჩნია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„წარმოუდგენელია კომენტარები, რომელსაც ამ დრომდე აკეთებდნენ და აკეთებენ „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მთავარ მტერს მიზანმიმართულად კლავენ საპყრობილეში და დღევანდელმა კადრებმა ეს დაადასტურა.

მისი სურვილი, რომ ასეთი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად დებატებში შევიდეს დღევანდელ ხელისუფალთან, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მზადაა, საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე დადოს სასწორზე და ყოველთვის იბრძოლოს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ხოლო ხელისუფლების მხრიდან უარი, იქნება ეს დებატები თუ თუნდაც უარი ევროდეპუტატებს, პარლამენტარებს, რომ შევიდნენ და ღია კომუნიკაციაში იყვნენ პრეზიდენტ სააკაშვილთან, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მათ პრეზიდენტი სააკაშვილის ეშინიათ და იციან, რომ თანაბარ გარემოში, ისინი დამარცხდებიან სააკაშვილთან. მიუხედავად მათი მცდელობისა, რომ ტოტალურ იზოლაციაში ამყოფონ პრეზიდენტი სააკაშვილი, პოლიტიკური მარცხი მაინც გარდაუვალია „რუსული ოცნებისთვის“, რომელიც ცდილობს ქვეყნის რუსიფიკაციას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას ხელისუფლებას მიმართა, რომ მიეცეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა დებატებში.

„მომეცით საშუალება, დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები, თუ – მე. რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ თუ გინდათ, რომ არსად გაგექცეთ, ვითხოვ ერთადერთს – ღია კამათს“,- აღნიშნა სააკაშვილმა.