სააკაშვილის ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავს და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს და ყველა თხოვნაზე უარი უთხრეს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს არა ციხეში, არამედ კერძო კლინიკაში იხდის.
„არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, იმიტომ, რომ ის არის წარსული. მინდა ვისაუბრო აწმყოზე, მომავალზე. უფრო საინტერესო ეს არის ჩვენთვისაც და დარბაზისთვისაც, მაგრამ რადგან მკითხეთ, მოკლედ გიპასუხებთ. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ამიტომ არის… ციხეში კი არ არის, არამედ კლინიკაში. კერძო კლინიკაშია უკვე ერთი წელია და ძალიან ბევრი სპეკულაცია და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ამის შესახებ. მისი ოჯახი ხარჯავს მილიონობით დოლარს ბოლო 2 წლის განმავლობაში და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე სტრასბურგში ადამიანის უფლებების სასამართლოში წაიღეს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ამ ყველაფერს ევროპული სტანდარტებით ვაკეთებთ,“ – განაცხადა პრემიერმა.
კითხვაზე, ხედავს, თუ არა რისკებს იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დაიღუპოს, ღარიბაშვილი ასე პასუხობს:
„მე არ მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო. ყველა ადამიანს, ყველა პატიმარს ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს და რაც გითხარით იმას გავიმეორებ – ვიცავთ ყველა ადამიანის, ყველა მოქალაქის, ყველა პატიმრის უფლებებს“.