“სააკაშვილი, გაუარესებული ანალიზების გამო, სასამართლო პროცესზე ვერ ჩაერთვება”

98
spot_img

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმის განხილვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დისტანციურადაც არ დაესწრება. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სოფო ჯაფარიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილს სისხლის ანალიზებში ცვლილებები აქვს და გადასხმებს უკეთებენ.

„დღეს, მიხეილ სააკაშვილი უნდა ჩართულიყო სასამართლო პროცესზე, მაგრამ გაუარესებული ანალიზების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღეს მას ინტენსიური გადასხმები უტარდება სედაციის ქვეშ, აქედან გამომდინარე, მან ვერ მოახერხა, ჩართულიყო, მაგრამ მისი საბრძოლო განწყობა უცვლელია. იმედს ვიტოვებ მეც და ისიც, რომ აუცილებლად ძალიან მალე შეძლებს იყოს მხნედ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მაინც დასტაბილურდება და აუცილებლად, ის შემდეგ პროცესებზე ჩვეული შემართებით და საბრძოლო განწყობით ჩაერთვება”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება.