საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციაზე გავლენას ვერ მოახდენს.
როგორც ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის ბოლომდე დაიცავს სახელმწიფოს ინტერესს.
“რაც შეეხება პოლარიზაციას, მსჯავრდებული სააკაშვილი არის უკრაინის და არა საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, ის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი. საუბარი იმაზე, რომ მისი გათავისუფლებით დეპოლარიზაციას ხელი შეეწყობა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ლოგიკითაც. სააკაშვილი არის უკრაინელი პოლიტიკოსი და შესაბამისად, თუ საუბარია საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის შესუსტებაზე ან დასრულებაზე, ჩემთვის გაუგებარია, რა კავშირი აქვს უკრაინის მოქალაქის შეწყალებას პოლიტიკურ დეპოლარიზაციასთან, რომელსაც საქართველოში ჩადენილი აქვს დანაშაული და სასჯელს იხდის.
რაც შეეხება ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრის მოსაზრებებს და მათ მოწოდებას პრეზიდენტისადმი, ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არასდროს გვიმოქმედია შთაბეჭდილებით, ყოველთვის მკაცრად ვიცავდით სახელმწიფოს ინტერესებს, ზედმიწევნით ვასრულებდით კანონმდებლობის მოთხოვნებს და სწორედ ამიტომ, გარკვეული არხების სარედაქციო პოლიტიკა ასეა მომართული და გარკვეულ სტანდარტებს ეძებენ, თუმცა ჩვენ ყოველთვის ბოლომდე დავიცავთ სახელმწიფოს ინტერესს. პრეზიდენტი გაიზიარებს თუ არა მათ მოწოდებებს, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და ვერ გიპასუხებთ. ალბათ, ქალბატონმა პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს განცხადება, თუმცა მე მახსოვს მისი განცხადება სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, რაც იყო “არა და არასდროს. არ მგონია, პრეზიდენტმაც რომელიც სახელმწიფოს მეთაური არის, ასეთი განწყობების მიხედვით საკუთარი პოზიცია უნდა გადათქვას”, – განაცხადა ბრეგაძემ.
რაც შეეხება უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციას, რატი ბრეგაძის განცხადებით, ექსტრადიციის შემთხვევაში, სააკაშვილს უკრაინაში უნდა ჰქონდეს დანაშაული ჩადენილი და უკრაინული მხარე უნდა ითხოვდეს მის გადაცემას.
“ექსტრადიციასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ნამდვილად არ მოუმართავს”, – განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, ჰუმანიტარული მიზნით გაყვანის საშუალებაც არ არსებობს.
“თუკი საუბარია მკურნალობაზე, ის კლინიკაში მკურნალობს. ჰუმანიტარული მიზნით გაყვანაზე ადრე იყო გარკვეულო საუბრები, რაზეც ყველა დონეზე, ნებისმიერ სასამართლოში უარი ითქვა. სჯობს, ყველამ საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოს და ყველამ მოუწოდოს მას, რომ სრულად დაემორჩილოს ექიმების მოთხოვნებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იქნება. ჩვენი ინტერესი როგორც სააკაშვილთან, ასევე ყველა სხვა პატიმართან დაკავშირებით არის ერთადერთი, მათ ჰქონდეთ კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – განაცხადა ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის სავარაუდოდ, წერილებს აქვეყნებს, რაც შემდეგ “ფეისბუქზე” ქვეყნდება.
“თუკი ვინმეს მოუწოდებს სააკაშვილი, რომ გარკვეული პოლიტიკური დავალებები შეასრულონ, ვისურვებდი, არ დაემორჩილონ ასეთი პოლიტიკოსის მოწოდებებს. ის არ არის საქართველოს მოქალაქე, არ აქვს საქართველოში როგორც აქტიური, ასევე პასიური სარჩევნო ხმა და მას არ შეუძლია პოლიტიკური პარტიის წევრობა. თუკი პირი პოლიტიკური პარტიის წევრი ვერ იქნება, მონაწილეობას ვერ მიიღებს არჩევნებში, რანაირად მონაწილეობს პოლიტიკაში? თუკი ის მართავს “ნაციონალურ მოძრაობას, ანუ “ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას”, ეს არის თავიდან ბოლომდე არაფორმალური მმართველობა”,-განაცხადა ბრეგაძემ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რატი ბრეგაძე განმარტავს, რომ იუსტიციის სამინისტრო ექიმების რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებს.