რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 57 ავიადარტყმა განახორციელეს – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

59
spot_img

რუსეთ – უკრაინის ომის 448-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

უკრაინის შეიარაღებული ძალები ომში რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, გასული წლის 24 თებერვლიდან ოკუპანტების პირადი შემადგენლობის დანაკარგებმა 200 590 შეადგინა. მათგან 610, გასულ დღე-ღამეშია ლიკვიდირებული.

რაც შეეხება განადგურებულ სამხედრო ტექნიკას და საბრძოლო მასალას:

◾ ტანკები – 3 771 (+9)

◾ ჯავშანმანქანები – 7 365 (+17)

◾ საარტილერიო სისტემები – 3 166 (+16)

◾ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 562 (+0)

◾ საჰაერო თავდაცვა – 318 (+2)

◾ თვითმფრინავები – 308 (+0)

◾ ვერტმფრენები – 294 (+0)

◾ უპილოტო საფრენი აპარატი – 2 748 (+16)

◾ ფრთოსანი რაკეტები – 982 (+9)

◾ გემები/კატერები 18 (+0)

◾ საავტომობილო ტექნიკა და ავტოცისტერნები – 6 067 (+19)

◾ სპეციალური ტექნიკა – 417 (+7)

რუსეთმა, წუხელ, ქალაქ მიკოლაივის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას „კალიბრის“ ტიპის ორი რაკეტით დაარტყა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა S-300 ტიპის ორი რაკეტით დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს.

გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 57 ავიადარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციები და დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 96-ჯერ დაბომბეს.

“რუსებმა სარაკეტო დარტყმისთვის „კინჟალის“ აერობალისტიკური 6 რაკეტა, „კალიბრის“ ფრთოსანი 13 რაკეტა და „ეს-400“ და „ისკანდერ-ემ“ ტიპის სახმელეთო ბაზირების 10 რაკეტა გამოიყენეს. „მათგან 25 ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსების მიერ გასული დღის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურდა კერძო სახლები, საავადმყოფო და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

„უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“, – აცხადებენ გენშტაბში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 16 მაისს საღამოს უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაშის დროს მიკოლაივში აფეთქებების ხმა გაისმა. ქალაქის მერის ინფორმაციით, თავდასხმებმა ხანძარი გამოიწვია. ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ.

უკრაინის არმიის ადგილობრივი კონტრშეტევების ფონზე რუსული ჯარები, სავარაუდოდ, აძლიერებენ შეტევას ბახმუტის რაიონში. მაგრამ ეს, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს ოკუპანტების უნარზე, მოიგერიონ უკრაინის კონტრშეტევა.  ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი იუწყება.

როგორც ომის შესწავლის ინსტიტუტი აღნიშნავს, ოთხი რუსული ბატალიონის ბახმუტის მიმართულებით გადაყვანის შესახებ რამდენიმე რუდმა „ბლოგერმა“ ერთი დღით ადრე გაავრცელა ინფორმაცია.

ეს განცხადებები, ISW-ის ანგარიშის მიხედვით, შეესაბამება თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაციას ამ ტერიტორიაზე გადაჰყავს მედესანტეების ქვედანაყოფები. 16 მაისს ოკუპანტებმა მცირე წარმატებებს მიაღწიეს თავად ბახმუტში.

„რუსებმა ძირითადი ძალისხმევა ბახმუტზე გაამახვილეს, უკრაინა კი არაერთხელ ხაზს უსვამს, რომ მიზნად ისახავს შეზღუდული ოპერაციების განხორციელებას“, – განმარტავენ ექსპერტები.

ამავდროულად, კრემლი აპირებს ბახმუტის დაკავება წარმოადგინოს, როგორც „გამარჯვება“ უკრაინის კონტრშეტევის დროს შესაძლო წარუმატებლობის ფონზე.

ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ მიაღწიეს შეზღუდულ წარმატებას თავად ქალაქში. 16 მაისის გეოლოკაციის კადრებში ჩანს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მცირე წინსვლა მოახდინეს ორეხოვო-ვასილივკას აღმოსავლეთით (ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით 11 კმ), თუმცა 16 მაისის მდგომარეობით ISW-ს არ დაუფიქსირებია უკრაინული ძალების შემდგომი წინსვლა ბახმუტის გარშემო.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე საერთაშორისო კოალიციისშესაქმნელად იმუშავებენ, რათა უკრაინას, პუტინის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ამ გადამწყვეტ მომენტში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მოპოვებაში დაეხმარონ, – ამის შესახებ დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას საჰაერო შესაძლებლობებით უზრუნველყოფის მიზნით მხარდაჭერას გაუწევენ.

„პრემიერ-მინისტრები რიში სუნაკი და მარკ რუტე შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ საერთაშორისო კოალიციის შექმნაზე, რათა უკრაინა საბრძოლო საჰაერო შესაძლებლობებით უზრუნველყონ, ყველაფერში მხარდაჭერის აღმოჩენით : წვრთნებიდან დაწყებული, F16 საბრძოლო თვითმფრინავების მოპოვებით დამთავრებული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც დაუნინგ სთრითმა რიში სუნაკისა და მარკ რუტეს ისლანდიაში მიმდინარე ევროსაბჭოს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.