რუსულმა ძალებმა ოდესას „კამიკაძე“ დრონებით დაარტყეს – რა ხდება უკრაინაში ომის 516-ე დღეს

117
spot_img

ომის 516-ე დღეს, რუსულმა ძალებმა ოდესას „კამიკაძე“ დრონებით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონების ნაწილი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის მოხალისეთა არმიის ოპერატიული სარდლობის, “სამხრეთის” პრესსპიკერმა, სერგეი ბრატჩუკმა განაცხადა, რომ ოდესის ოლქში საჰაერო განგაში თითქმის 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

“მტერმა სცადა შეტევა ჩვენი რეგიონის სამხრეთზე. საჰაერო თავდაცვის სისტემები ამუშავდა, არის ჩამოგდების ფაქტები, მაგრამ, სამწუხაროდ, არის შესაბამის ინფრასტრუქტურაზე დარტყმის ფაქტებიც “, – განაცხადა ბრატჩუკმა.

მისი თქმით, რუსები აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებსა და უკრაინის მარცვლეულზე დარტყმის განხორციელებას.

ბრაჩუკმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში გაჩნდება მარცვლეულის შეთანხმება ახალ ფორმატში, უსაფრთხოების გარანტიებით.

საერთაშორისო საზოგადოება ოდესაზე თავდასხმას გმობს. სარაკეტო იერიში ქალაქზე 22 ივლისის ღამეს მიიტანეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე 25 არქიტექტურული ძეგლი დაზიანდა. მათ შორის ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარიც.

მართლმადიდებლური ტაძრის დაბომბვის ფაქტს მოსკოვში ამ დრომდე უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს მხოლოდ ის ობიექტები წარმოადგენდა, სადაც რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა. უკრაინის პრეზიდენტი კი რუსეთს ომის მორიგი დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს.