რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ დაიწყო.
დღევანდელი აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა. აქციის მონაწილეები აპირებენ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა უთხრან: „საქართველო ევროპაა!“.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას უკვე შეუერთდნენ საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები. დელეგაციის წევრები პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მსვლელობით მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეებმა სპეციალური კორდონი მოუწყვეს, დემონსტრანტები დელეგაციის წევრებს ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ. ევროპელი პარლამენტარები სცენაზე ევროკავშირის ჰიმნის ფონზე ავიდნენ. კიდევ ერთხელ შესრულდა საქართველოს ჰიმნი.
შეკრებილ საზოგადოებას ქართული ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლების შემდეგ, 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები მიმართავენ.
პროტესტის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და ითხოვენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს.