„რუსი ტურისტები თუ მიგრანტები, ვინც შემოდიან, თავისთავად არ წარმოადგენენ საფრთხეს, რადგან, ძალიან დიდი ალბათობით, ისინი არ არიან პუტინის ჯარები და პირიქით, უფრო დისტანციაზე არიან“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საბაბი არ იყო, რომ აღდგენილიყო რუსეთთან ფრენები. „რუსეთის დაპირებების არ უნდა გჯეროდეს არასოდეს იმიტომ, რომ გადაგაგდებს. რუსეთს არ უნდა აგრძნობინო რომ გეშინია და რაღაცას უთმობ. მუდამ საჭიროა ჩვენ ჩვენს ადგილას ვიდგეთ. უცებ ვიწყებთ გაუგებარ დათმობის პოლიტიკას. მოთმინება მესმის, სიფრთხილეც მესმის, მაგრამ დათმობა არ მესმის. საბაბი არ იყო იმის, რომ აღდგენილიყო ეს ფრენები. ვის სჯერა, არავის არ შეიძლება სჯეროდეს რომ რუსეთის პუტინი იმდენად დაინტერესებულია რუსეთსა თუ საქართველოში ქართველების კეთილდღეობით, რომ ჩათვალა საჭიროდ აღდგენა ფრენების. როცა ხან უკრაინასთან აგებს და ხან პრიგოჟინთან. ეს არის რუსეთის სვლა რომ რაღაცნაირად მოიპოვოს გავლენა საზოგადოებაზე, რომ ვიღაცას მოეწონოს, ვიღაცამ შიგნით დაიწყოს დაპირისპირება. ეს ყველაფერი არის რუსეთის ისეთი ცნობილი ნაბიჯები, რომ არ არის საჭირო ჭადრაკს თამაშობდე, რომ გაიგო რა ხდება, როგორ ხდება და რას გიკეთებს რუსეთი. რუსი ტურისტები თუ მიგრანტები, ვინც შემოდიან, თავისთავად არ წარმოადგენენ საფრთხეს, რადგან, ძალიან დიდი ალბათობით, ისინი არ არიან პუტინის ჯარები და პირიქით, უფრო დისტანციაზე არიან“, – აცხადებს პრეზიდენტი.