რუსეთსა და უკრაინას შორის შეხვედრისთვის საუკეთესო ადგილი მოსკოვია -პუტინი

9
spot_img

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესაძლო შეხვედრისთვის საუკეთესო ადგილი მოსკოვია და ვიზიტის შემთხვევაში მას უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას სთავაზობს.

აღნიშნულის შესახებ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის (EEF) პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ვინმეს თუ ნამდვილად სურს ჩვენთან შეხვედრა, ჩვენ მზად ვართ. ამისთვის საუკეთესო ადგილი რუსეთის დედაქალაქი, გმირი ქალაქი მოსკოვია. უკრაინულ მხარეს ეს შეხვედრა სურს და მე ვუთხარი: „მზად ვარ, გთხოვთ, მობრძანდით, ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ სამუშაო პირობებსა და უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან ძირითად საკითხებზე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება.

„მე უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ მზად ვარ ზელენსკისთან კონტაქტებისთვის. დიდ აზრს ვერ ვხედავ. რატომ? რადგან, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება უკრაინულ მხარესთან ძირითად საკითხებზე შეთანხმების მიღწევა. მაშინაც კი, თუ იქნება პოლიტიკური ნება, რაშიც ეჭვი მეპარება, არსებობს იურიდიული და ტექნიკური სირთულეები“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ჯარების განლაგება საჭირო არ იქნება.

„მიღებული თუ იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც გრძელვადიან მშვიდობას გამოიწვევს, მაშინ უბრალოდ ვერ ვხედავ მათი უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნის აზრს“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები უნდა შემუშავდეს როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის და მოსკოვი მათ პატივს სცემს.

„ეს შეთანხმებები მიღწეული თუ იქნება, რუსეთი მათ სრულად შეასრულებს, არავის შეეპაროს ეჭვი. ჩვენ პატივს ვცემთ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, უნდა შემუშავდეს როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთი აუცილებლად შეასრულებს ამ შეთანხმებებს, მაგრამ ეს საკითხი ჩვენთან სერიოზულ დონეზე ჯერ არავის განუხილავს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ნატო-ს ჯარები, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩნდება, რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე გახდება.

„რაც შეეხება შესაძლო სამხედრო კონტინგენტს უკრაინაში, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის ნატო-ში ჩაბმისა. ამიტომ, იქ რაიმე ჯარები თუ გამოჩნდება, განსაკუთრებით ახლა, საბრძოლო მოქმედებების დროს, ვვარაუდობთ, რომ ისინი იქნებიან ლეგიტიმური სამიზნე მათი განადგურებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.