
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქი ავიაბომბებით დაბომბა, რის შედეგადაც ერთი ქალი დაიღუპა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ივან ფიოდოროვი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
დაღუპულის ასაკი 66 წელს შეადგენდა. მაშველებმა მისი ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს. ფიოდოროვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი მამაკაცია, ხოლო სამი – ქალი. სამ ადამიანს სამედიცინო დახმარება გაუწიეს.
როგორც ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რუსების სამიზნეს წარმოადგენდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, საცხოვრებელი სახლები და სოციალური სფერო.