აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რუსეთმა დონალდ ტრამპის მუქარები უკუაგდო: მოსკოვი თვლის, რომ უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად რესურსებიც ბევრი აქვს და ცოცხალი ძალაც საკმარისი ჰყავს“ (ავტორი – თომას გროუვი და მეთიუ ლაქსმური).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დონალდ ტრამპის პირველი მცდელობების საპასუხოდ – მიიტყუოს თავისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის საკითხზე – კრემლმა, როგორც ჩანს, მხოლოდ მხრები აიჩეჩა. „ჩვენ ამერიკის ლიდერის ნათქვამში ახალს ვერაფერს ვერ ვხედავთ“, – თქვა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში მოსკოვი გააფრთხილა, რომ თუ მოლაპარაკებაზე არ დათანხმდება, მოსკოვზე ეკონომიკურ ზეწოლას გააძლიერებს.
ისე, კაცმა რომ თქვას, სამი წლის განმავლობაში დასავლეთმა რუსეთს უამრავი სანქცია გამოუცხადა, ის კი მაინც ფეხზე დგას და ომს წარმატებით აგრძელებს. ასე რომ, ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში აქვთ იმის საფუძველი, რომ დონალდ ტრამპის მუქარები ფუჭ გასროლებად ჩათვალონ. რა თქმა უნდა, ომი ქვეყნის მატერიალური და ცოცხალი ძალის რესურსებს შთანთქავს, მაგრამ კრემლი თვლის, რომ სრულიად წარმატებულად უმკლავდება სანქცია-ემბარგოებს და რომ მოსკოვს აქვს შესაძლებლობა კიდევ სამი წელი იომოს – რუსები, ადრინდებულად გააფორმებენ კონტრაქტებს და ფრონტზე წავლენ. (…)
მართალია, რუსეთი ფულსაც ბევრს ხარჯავს და ადამიანების რესურსებსაც, მაგრამ ანალიტიკოსების თქმით, კრემლს ერთიც საკმაოდ ბევრი აქვს და მეორეც – ომის გასაგრძელებლად და გამარჯვების მისაღწევად. რუსეთის ჯარები ნელა, მაგრამ შეუპოვრად წინ მიდიან, იპყრობენ და საფრთხეს უქმნიან უკრაინის სოფლებს და ქალაქებს, რომლებიც კიევის ჯარებისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ლოჯისტიკის თვალსაზრისით. დღეს რუსეთი უკრაინის ტერიტორიის თითქმის ერთ მეხუთედ ნაწილს აკონტროლებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ეკონომიკაში გარკვეული დისბალანსი ნამდვილად გვაქვს. არის ინფლაციაც… მაგრამ არა იმდენად მწვავე, რომ ვინმემ ომის უცილობელი შეწყვეტა მოგვთხოვოს და თუ მას არ დავეთანხმებით, რუსეთი დაინგრევა“, – ამბობს ვასილი კაშინი, მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის ევროპული და საერთაშორისო კომპლექსური კვლევების ცენტრის დირექტორი, – ჩვენც შეგვიძლია დაბეჯითებით მოვითხოვოთ ჩვენი პირობების შესრულება… და თუ უკრაინის ეკონომიკა ნგრევას გააგრძელებს (და მერწმუნეთ, ეს ასეც იქნება), მაშინ აშშ-სათვის გონივრული იქნება ჩვენს პირობებზე დათანხმდეს“.
ამჟამად ისეთი სიტუაციაა, რომ აშშ-ში უკრაინისათვის მორიგი დახმარების პაკეტის მიცემას არავინ არ ფიქრობს, შესაბამისად, დონალდ ტრამპის გაფრთხილება საკმარისი არაა იმისათვის, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს და თავისი ძირითადი მოთხოვნები შეცვალოს. გავიხსენოთ: კრემლს სურს, რომ დასავლეთმა რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები აღიაროს, უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე უარი განაცხადოს და თავისი არმია შეამციროს.
როგორც ჩანს, კრემლი უფრო იმისკენ იხრება, რომ დონალდ ტრამპის განცხადება ზოგადად პოზიორობად შეაფასოს და არა ძალისხმევად მოლაპარაკების გამართვის მიზნით. კრემლი სერიოზულ წინადადებას ელოდება ვაშინგტონისაგან.
ზოგიერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა ფრთხილი ოპტიმიზმი გამოამჟღავნეს დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ანალიტიკოსების თქმით, ვლადიმერ პუტინს მართლაც სურს დონალდ ტრამპს შეხვდეს ომის კრემლისთვის მომგებიანი დარეგულირების მიზნით და ამ დროს სრულიად გამორიცხოს უკრაინის ხელმძღვანელობა მოლაპარაკების პროცესიდან, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი არალეგიტიმურად თვლის.
სხვათა შორის, კიევმა აღიარა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება არარეალურია, თუმცა ამის სანაცვლოდ უკრაინა ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, რათა რუსეთმა, ცეცხლის შეწყვეტისა და დაზავების შემდეგ, ვერ მოახდინოს ძალების გადაჯგუფება და ახალი დარტყმის მიყენება უკრაინისათვის. რუსეთი აცხადებ, რომ უკრაინამ უნდა გაითვალისწინოს „ახალი ტერიტორიული რეალიები“, ანუ, ფაქტობრივად, სამუდამოდ დაუთმოს მოსკოვს თავისი მიწა-წყალი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს დაკარგა.
ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის უკრაინის და აშშ-ის შორის რამდენიმეწლიანი სიტყვიერი შეხლა-შემოხლის ფონზე, ვლადიმერ პუტინის მიერ დონალდ ტრამპის ახალი გაფრთხილება მისი ერთგვარი ფანდის სახით იქნა აღქმული: ამერიკის პრეზიდენტი ცდილობს თავისი პოზიციები განამტკიცოს და აშშ-ის მტრების მიმართ ისეთი ხისტი და მკაცრი პოზიცია გამოავლინოს, როგორც ამომრჩეველს დაპირდა. „ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის განცხადებებში პოლიტიკური თამაშების ელემენტს ხედავს. კრემლი მათ სერიოზულად არ აღიქვამს“, – ამბობს პოლიტოლოგი ტატიანა სტანოვაია, რომელიც პარიზში მუშაობს, – იგი მზად არის მოვლენების ნებისმიერი განვითარებისათვის და არ აქვს იმის ილუზიები, რომ სამშვიდობო შეთანხმება მალე დაიდება“.
ტატიანა სტანოვაიას მტკიცებით, რასაკვირველია, რუსეთის ეკონომიკაზე ზემძიმე დატვირთვა პრეზიდენტის შეშფოთებას იწვევს, მაგრამ არა ისეთს, რომ იგი იძულებული გახდეს უკრაინის მიმართ უკან დაიხიოს. ვლადიმერ პუტინისათვის, რომელიც უკვე 25 წელია რუსეთის მეთაურია, უკრაინასთან ომი ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს გააერთიანოს ორი ქრისტიან-მართლმადიდებელი ქვეყანა და შეაჩეროს უკვე დიდი ხნის წინ დაწყებული დასავლეთის „მცოცავი ექსპანსია“ რუსეთის უკანა ეზოში.
დღეს ვლადიმერ პუტინი უპირატესობას ომის ისეთ ამბიციურ დარეგულირებას აძლევს, რომელიც იალტის კონფერენციაზე იქნა მიღწეული მეორე მსოფლიოს ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე სსრ კავშირის, აშშ-ისა და ბრიტანეთის ლიდერებს შორის, ანუ კრემლის სურვილია იგივე მოხდეს, რაც იალტაში მოხდა: ევროპა გავლენის სფეროებად იქცეს დასავლეთს და რუსეთს შორის.
„რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინს სურს შეწყვიტოს სამხედრო მოქმედება, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის პირობებით, – ამბობს ტატიანა სტანოვაია, – ომი უკრაინაში, კრემლის გათვლით, არის ის საშუალება, რომლითაც დასავლეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს და იალტა-2-ზე მოილაპარაკებს“.
დონალდ ტრამპმა, თავის მხრივ, აღიარა, რომ ომის შესაწყვეტად საჭირო გახდება ბევრად უფრო მეტი ვადა, ვიდრე იგი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვარაუდობდა – „თეთრ სახლში როგორც კი დავჯდები, ომს 24 საათში დავასრულებო“. ინაუგურაციის მომენტში მან თქვა, რომ „უკრაინას სურს გარიგება დადოს“, მაგრამ რუსეთმა შეიძლება არ მოისურვოსო.
პოლიტოლოგების ვარაუდით, დონალდ ტრამპის მუქარები ახალი ანტირუსული სანქციების შემოღების თაობაზე ნიშნავს იმ გარემოების გაცნობიერებას, რომ გარიგების მისაღწევად საჭირო იქნება გარკვეული პერიოდი, თუმცა, მათივე შედასებით, ახალმა სანქციებმა სეიძლება საქმე იქამდე მიიყვანოს, რომ მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე უარს იტყვის.
„რუსებს ყოველთვის სურთ, რომ მათთან პირდაპირ და მესამის ჩარევის გარეშე ისაუბრონ (ამ შემთხვევაში მესამე სუბიექტად უკრაინა მიიჩნევა). კრემლი ჯერ კიდევ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს იყო გაღიზიანებული მოლაპარაკების მისეული სტილით“, – ამბობს ოლეგ იგნატოვი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო კრიზისულ ჯგუფში“ მუშაობს, – ასე რუსეთთან ურთიერთობა არ შეიძლება“.
მოამზადა სიმონ კილაძემ