“რუსეთმა ბზობის კვირა ადამიანების მკვლელობაში გაატარა” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

74
spot_img

რუსეთ-უკრაინის ომის 411 -ე დღე

ფრონტზე, ყოველ კვირას, ათასობით რუსი ჯარისკაცი იღუპება, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ შეტევას. ყველაზე ცხელი წერტილები ახლა არის ლიმანის, ბახმუტის, ავრიივკასა და მარინკას მიმართულებები. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ანგარიშშია.

უწყების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, ამ მიმართულებებით მოწინააღმდეგის 58 შეტევა მოიგერიეს.

“ბახმუტის მიმართულებით, მტერი არ წყვეტს ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლის მოპოვენის მცდელობებს, ქალაქისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამასთან, მტერმა წარუმატებლად შეუტია ბოგდანოვკას და ხრომოვოს დასახლებებს – უკრაინელებმა იქ 30-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებენ გენშტაბში.

დონეცკში ყველაზე სასტიკი ბრძოლები ქალაქებისთვის, ავდიივკასა და მარინკასთვის მიმდინარეობს, სადაც უკრაინელებმა მტრის 20-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ შახტიორსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის მიმართულებებით, ბოლო დღის განმავლობაში, მტრის შეტევითი მოქმედებები არ დაფიქსირებულა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინაში ზაპოროჟიეს დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს დასახლებული ზონის დასაბომბად „ეს 300“-ის სისტემის რაკეტები გამოიყენეს.

დაბომბვის შედეგად, 33 კერძო სახლი დაზიანდა, ერთი კი მთლიანად განადგურდა.

მედიის ცნობით, უკრაინის არმიამ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიის 40 შეტევა მოიგერია. უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბახმუტის მიმართულებით, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ, ქალაქი სრული კონტროლის ქვეშ მოაქციონ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს მარინკისა და ავდეევკის მიმართულებით. უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაბომბეს რუსი სამხედროების ცოცხალი ძალის, სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის კონცენტრაციის 11 უბანი, ელექტრონული ომის ხუთი სადგური, საბრძოლო მასალის საცავი და მტრის ოთხი საზენიტო სარაკეტო სისტემა.

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა. ამის შესახებ CNN-ს წყარომ განუცხადა, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებული პირია.

პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს „უწყებათაშორისი ძალისხმევა“ გაჟონვის გავლენის შესაფასებლად.

„თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს გადაღებული დოკუმენტების ავთენტურობის განხილვასა და შეფასებას, რომლებიც ვრცელდება სოციალურ მედიასაიტებზე და რომლებიც, როგორც ჩანს, შეიცავს სენსიტიურ და უაღრესად გასაიდუმლოებულ მასალას. დაიწყო უწყებათაშორისი ძალისხმევა, რომელიც ფოკუსირებულია იმ ზეგავლენის შეფასებაზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ამ გადაღებულ დოკუმენტებს როგორც აშშ-ის, ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა საბრინა სინგმა.

მისი თქმით, დოკუმენტების გაჟონვის საკითხზე აშშ-ის ოფიციალური პირები შაბათ-კვირას მოკავშირეებსა და პარტნიორებს ესაუბრნენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე, რომლებიც სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე გამოქვეყნდა, გამოძიება დაიწყო. ოფიციალური პირების განცხადებით, დოკუმენტებში განხილულია თემების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხება ომს უკრაინაში, ჩინეთს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას. დოკუმენტების ნაწილი დეტალურად აღწერს აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილ დახმარებასთან დაკავშირებულ თემებს. ამასთან, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 23 თებერვლით, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ამოიწურება უკრაინის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი გამოყენების ამჟამინდელი ტემპით 2 მაისამდე.

“რუსეთმა ბზობის კვირა ადამიანების მკვლელობაში გაატარა, ქრისტიანული დღესასწაულები ხალხს ასწავლის, რომ ბოროტება მარცხდება,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ფართოვდება, რუსეთი კი სულ უფრო იზოლირებულია.

„რუსეთის მიერ დაბომბილ შენობაში სამი ადამიანი იყო: კაცი, ქალი და ბავშვი. გოგონას ირინა ერქვა, წელს 11 წლის გახდებოდა. იგი გარდაიცვალა. მამაკაციც. ვუსამძიმრებ. ქალი ახლა მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია. მას დახმარებას უწევენ. ასე ატარებს ტერორისტული სახელმწიფო ამ ბზობის კვირას. უნდა დავიჯეროთ, და ჩვენ გვჯერა. უნდა მივუახლოვდეთ ბოროტების დამარცხებას, და ჩვენ ვუახლოვდებით. მსოფლიო ჩვენთანაა. მხარდაჭერა იზრდება ყოველთვიურად, ყოველკვირეულად, იზრდება იმ ადამიანების წრე, ვინც მხარს გვიჭერს, ვინც მხარს უჭერს ჩვენს გამბედაობასა და რწმენას ცხოვრებაში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.