რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს და რომელიც ყველას გვეხება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლის, სასტიკი ნგრევის შეჩერება უდიდეს საერთო ძალისხმევას მოითხოვს.
“დღესაც, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველა ჩვენგანის, მთელი კაცობრიობის მიზანი და ამოცანა – მშვიდობის უზრუნველყოფაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ვგულშემატკივრობთ რა უკრაინას, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ სამშვიდობო მოლაპარაკებების, ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის პირობების შესაქმნელად.
თქვენ იცით, რომ ჩვენ გადავიტანეთ მძიმე ომი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში; ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში დიდი ადამიანური მსხვერპლი გაიღო; ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ;
ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ქართველები მცირე, მაგრამ ძლიერი, თავისუფლებისმოყვარე ერია. მაგრამ როდესაც საჭიროა, ჩვენ თავდადებით ვიბრძვით თავისუფლების, საკუთარი ოჯახებისა და სამშობლოს დასაცავად. მთელ ჩვენს ისტორიაზე რომ არ ვილაპარაკოთ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ჩვენ გადავიტანეთ არაერთი ომი ჩვენს ქვეყანაში; ბოლო წლებში ჩვენი მამაცი ჯარისკაცები ნატოს ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად იცავდნენ გლობალურ უსაფრთოებას. ავღანეთის სამშიდობო მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ჩვენ ყველაზე მეტი ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი; 32 ქართველი გმირი ჯარისკაცი დაიღუპა ამ ბრძოლაში, ასეულობით კი – დაშავდა.
ასე რომ, ვიცით რა, რა მოაქვს ომს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. იესო ქრისტე ამბობს სახარებაში: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. ამ ურთულეს დროში, მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობისა, ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ისტორიაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა საქართველოში”,– განაცხადა პრემიერმა.