რუსეთის სამხედრო ყოფნა სომხეთში მცირდება? -Deutsche Welle

2
spot_img

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რუსეთის სამხედრო ყოფნა სომხეთში მცირდება?“ (ავტორი – არშალუის მღდესიანი), რომელშიც განხილული და კომენტირებულია ერევან-მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმება სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის საზღვრებიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის თაობაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამ დღეებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში იმყოფებოდა, საიდანაც ერევანში რუსეთთან დადებული ხელშეკრულებით დაბრუნდა: რუსეთი 2025 წლის 1  იანვრიდან თავის სამხედრო მოსამსახურეებს სომხეთ-ირანის საზღვრის საკონტროლო-გამშვები პუნქტებიდან გაიყვანს და მათ კონტროლს სომეხ მესაზღვრეებს გადასცემს. გარდა ამისა, მოსკოვი და ერევანი სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვრებზე მორიგეობას ერთობლივად განახორციელებენ.

ექსპერტების აზრით, სომხეთის პრემიერის მიერ დსთ-ის სამიტზე მონაწილეობის დროს მიღწეული ხელშეკრულებების მიზანს სომხეთში რუსეთის ყოფნის შემცირებას მოასწავებს. აღსანიშნავია, რომ სომხეთი რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ მოკავშირედ ითვლება, მაგრამ ბოლო ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ერევან-მოსკოვის ურთიერთობა სულ უფრო ცივდება.

რა მიზნები აქვს ერევანს?

როგორც ბენიამინ პოღოსიანი – ერევნის კვლევითი ცენტრის APRI Armenia-ს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვარაუდობს, სომხეთის ხელისუფლება გეგმაზომიერად ახორციელებს რუსეთის სამხედრო ყოფნის შემცირებას სომხეთის ტერიტორიაზე და უპირველესად ეს ეხება ქვეყნის საზღვრების დაცვის საკითხს.

„ამ მხრივ პირველ ნაბიჯად იქცა რუსი მესაზღვრეების გაყვანა ერევნის აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტებიდან, შემდეგ კი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრიდან. ამჟამად საქმე მივიდა სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის საზღვრებამდე. თუ სიტუაცია ამგვარი სცენარით მომავალშიც განვითარდება, მაშინ მალე დადგება მომენტი, რომ ერევანი მოსკოვს მოსთხოვს, სრულად იქნეს გაყვანილი რუსი მესაზღვრეები სომხეთის ტერიტორიიდან“, – ამბობს ექსპერტი ბენიამინ პოღოსიანი „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტთან საუბარში.

თუმცა რუსეთის ყოფნის შემცირების საკითხში ბენიამინ პოღოსიანს არ ეთანხმება სომეხი პოლიტოლოგი, ერევანში მდებარე კავკასიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე ისკანდერიანი: „რუსი მესაზღვრეები, რომლებიც აეროპორტ „ზვარტნოციდან“ იქნენ გაყვანილნი და რომლებიც იანვრიდან უკვე სომხეთ-ირანის საკონტროლო-გამსვლელ პუნქტებსაც დატოვებენ, სულ რაღაც რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურეა. გარდა ამისა, ისინი არსადაც არ მიდიან და ჩვეულებრივ გააგრძელებენ თავიანთ სამსახურს სომხეთის ტერიტორიაზე მყოფ რუსეთის სასაზღვრო ჯარებში“, – ამბობს ალექსანდრე ისკანდერიანი. იგი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი კრემლის ერთგვარ სიმბოლურ მოქმედებას წარმოადგენს, რომლებიც „საკმაოდ კარგად იყიდება სომხეთის საშინაო პოლიტიკაში“.

სომხეთის სუვერენიტეტის განმტკიცება?

მართალია, სომხეთის ხელისუფლება ცდილობს რუსი მესაზღვრეების გაყვანა დიპლომატიურ აქტად წარმოადგინოს, პრემიერ-მნისტრი კი მადლობას უხდის რუსებს სომხეთ-ირანისა და სომხეთ-თურქეთის მრავალწლიანი დაცვისათვის, ეს გადაწყვეტილება ბევრმა საერთო ტენდენციის დამადასტურებელ მოვლენად მიიჩნია.

ამ მხრივ წინა წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებთან ერთად, ეს ნაბიჯი განიხილება როგორც გაგრძელებად და უფრო მეტიც – გაძლიერებად იმ პროცესისა, რომლის მიზანს რუსეთის სამხედრო ყოფნის შემცირება წარმოადგენს.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, მმართველი პარტიის „სამოქალაქო ხელშეკრულების“ დეპუტატის ანდრანიკ ქოჩარიანის თქმით, რუსი მესაზღვრეების გაყვანა არის სომხეთის სუვერენიტეტის განმტკიცებისაკენ მიმართული ნაბიჯი: „არავის არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი რეალობად იქცეოდა. სომხეთის ხელისუფლებამ, რომელიც მუდმივად მუშაობს ქვეყნის დამოუკიდებლობის სრულყოფაზე, პირველი ნაბიჯი ჯერ სწორედ ერევნის აეროპორტში გადადგა და იქ არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტების კონტროლი სომხეთის სასაზღვრო ჯარებს დაექვემდებარა“.

ყველა ეს მოვლენა განხილული უნდა იქნას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების გართულების ფონზე.  2022 წლის ბოლოდან მოყოლებული, მხარეები ერთმანეთს გამუდმებით საყვედურობენ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა და „ოდკბ“-მა (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ) სომხეთს უარი განუცხადეს სამხედრო დახმარების გაწევაში აზერბაიჯანთან კონფლიქტის დროს, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერევანმა კურსი დივერსიფიკაციისაკენ აიღო.

სომხეთი კონტაქტებს აფართოებს საფრანგეთთან, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან, რაც მოსკოვის გაღიზიანებას იწვევს. რუსეთის უკმაყოფილება იმდენად გაძლიერდა, რომ სომხეთის მთავრობამ „ოსკბ“-ში თავისი წევრობა დროებით შეაჩერა და დაიმუქრა, რომ საერთოდ გავიდოდა ორგანიზაციიდან.

ერევნმა და მოსკოვმა ამჯერად სკანდალს თავი აარიდეს.

სომხეთის პოლიტიკის გამო რუსეთის უკმაყოფილების მიუხედავად, გადაწყვეტილება რუსი მესაზღვრეების გაყვანაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებიდან – ერევნის ეროპორტიდან და სომხეთ-ირანის საზღვრიდან – მიღებული იქნა ოპერატიულად და ბოლო წლებისთვის დამახასიათებელი ურთიერთბრალდებების გარეშე.

პოლიტოლოგი ალექსანდრე ისკანდერიანი ყურადღებას ამახვილებს ამ ასპექტზე და ამბობს, რომ ერევან-მოსკოვის მუშაობის სტილი ემოციური ტონიდან პრაგმატიზმით შეიცვალა. „თუ ადრე ერევნის გადაწყვეტილებები, მაგალითად, საერთაშორისო სისხლის სამართლის რომის სტატუსტის დამტკიცების შესახებ, მოსკოვის მიერ საკმაოდ ნეგატიურად და გარკვეული ბრაზით იქნა აღქმული, ახლა მსგავსი რამ აღარ შეიმჩნევა. აშკარაა, რომ რუსეთს ამჯერად სოხეთისაგან რაიმე არ მოუთხოვია“, – ამბობს ექსპერტი და კრემლის მშვიდობიან თანხმობას ორი მიზეზით ხსნის: პირველი – სომხებმა რუსებთან კაბინეტური მუშაობა ისწავლეს ემოციების გარეშე; მეორე – შეიცვალა რუსეთის რეგიონული პრიორიტეტები უკრაინის ომის გამო. „რუსეთისათვის [სომხეთთან უთანხმოებას] უკვე აღარ აქვს ისეთი მნიშვნელობა, რომ მოსკოვმა ერევანს საქმის გარჩევები მოუწყოს და საგრძნობი კონტრზომები განახორციელოს. მით უმეტეს, რომ გადადგმული ნაბიჯები არ ეხება რუსეთის სამხედრო ბაზის სტატუსს, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე რჩება“.

მოსკოვი დუმს, ერევანი ამჟღავნებს…

ხელშეკრულებები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ სომხეთში რუსეთის სამხედრო ყოფნასთან, მიღწეული იქნა 8 ოქტომბერს ნიკოლ ფაშინიანისა და ვლადიმერ პუტინის ორმხრივი მოლაპარაკების შედეგად, მაგრამ ინფორმაციის გავრცელების წესი უჩვეულო აღმოჩნდა. ეს ახალი ამბავი გავრცელდა არა ოფიციალური არხებით, არამედ სოციალური ქსელებით, ფესბუქის მეშვეობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივნის ნაზელი ბაღდასარიანის მიერ. აღსანიშნავია, რომ არც კრემლის პრეს-რელიზში და არც სომხეთის პრემიერის აპარატის ცნობებში ეს ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.

სწორედ ამ მიზეზის გამო სომხეთის საპარლამენტო ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ კომენტარი არ გაეკეთებინა რუსი მესაზღვრეების გაყვანის ფაქტისათვის: „როცა ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურ ქსელში ქვეყნდება, რთულია იმის შეფასება, თუ მას რამდენად სერიოზული ხასიათი აქვს“, – ამბობს ოპოზიციური ფრაქციის „სომხეთის“ წევრი დეპუტატი გეგამ მანუკიანი „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტთან საუბარში.

იმ ოფიციალურ ცნობაში, რომელიც ფაშინიან-პუტინის შეხვედრის შესახებ გამოქვეყნდა, საკითხი სულ სხვა ასპექტებს ეხება. მაგალითად, მასში ნათქვამია, რომ ლიდერებმა ეკონომიკური თანამშრომლობის დონე განიხილეს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ჩარჩოებში. გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ნიკოლ ფაშინიანი „ბრიკსის“ სამიტზე მიიწვიაო, რომელიც ყაზანში 22-24 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს, თუმცა სომხეთს ისედაც ჰქონდა თანხმობა ადრე გამოცხადებული, რომ ამ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობას მიიღებდა.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: