“რუსეთის რწმენა და თავდაჯერებულობა მტკიცდება, უკრაინას კი ახალი პრობლემები უჩნდება”-The New York Times

99
spot_img

ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „რუსეთის რწმენა და თავდაჯერებულობა მტკიცდება, უკრაინას კი ახალი პრობლემები უჩნდება“ (ავტორი – ენდრიუ კრამერი, კიევის ბიუროს ხელმძღვანელი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინა ყველანაირი „შიმშილის“ წინაშე დადგა, ყველაფერი ამოეწურა: საბრძოლო მასალები, პირადი შემადგენლობა და დასავლეთის მხარდაჭერა. კონტრშეტევა, რომელიც ნახევარი წლის წინათ, ივნისის პირველ რიცხვებში დაიწყო, ჩაიშალა. დიდი ხანია არ გასულა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიაში „ვაგნერელები“ და გენშტაბისტები ერთმანეთს აბრალებდნენ ფრონტზე შექმნილ რთულ მდგომარეობას, ახლა კი კრემლი „სიხარულით ცას სწვდება“, რომ უკრაინის კონტრშეტევა შეაჩერა და ომი პოზიციურ ბრძოლებად გადააქცია.

უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს შექმნილი კრიტიკული მომენტის შედეგებს ყველა ხედავს: გააფთრებული მრავალთვიანი ბრძოლების დროს მოსკოვი თავის ძალებში დარწმუნდა, კიევის პერსპექტივა კი პირიქით – ბურუსით არის მოცული.

ეს ტენდენცია ნათლად გამოჩნდა გასულ კვირაში, როცა ვლადიმერ პუტინმა უბოდიშოდ გამოაცხადა თავის გეგმებზე რუსეთის პრეზიდენტად ბალოტირების თაობაზე – კიდევ ექვსი წლით, თან შამპანურს მიირთმევდა და რუსეთის არმიის მიღწევებით ტრაბახობდა. მან ისიც განაცხადა, რომ უკრაინას, რომელიც მთლიანად გარე დახმარებაზეა დამოკიდებული, მომავალი არ აქვს.
ვლადიმერ პუტინის ასეთი თვითკმაყოფილების ატმოსფერო სრულიად განსხვავდებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის უსაშველო და გამოუვალი მდგომარეობისაგან, რომელიც ამ კვირაში ვაშინგტონში იმყოფებოდა – იმ იმედით, რომ ამერიკელ კონგრესმენებს როგორმე დახმარების პაკეტის დამტკიცებაზე დაითანხმებდა [უკრაინისათვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფის მიზნით].

თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით მდგარმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ კანონმდებლები დახმარების პაკეტს არ დაამტკიცებენ, „ეს იქნება საუკეთესო საშობაო საჩუქარი ვლადიმერ პუტინისათვის , რომელიც სწორედ ამას ელოდება“.

მაგრამ უკრაინის ლიდერის ხვეწნა-მუდარამ პოზიტიური შედეგი არ გამოიღო – ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე ჩანს. კონგრესში რესპუბლიკელები ძველებურად აქცენტს იმაზე აკეთებენ, რომ უკრაინა დამატებით დახმარებას მანამ ვერ მიიღებს, სანამ აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე არალეგალური მიგრაცია აღკვეთილი არ იქნება.

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკლ ჯონსონმა ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევთან მიმართებით მისი სკეპტიციზმი არ შეცვლილა.

მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან წამოსული სიგნალები იმას მოწმობს, რომ ზეწოლა უკრაინაზე გაძლიერდება. კიევი ამჟამად თავდაცვით ბრძოლებზეა გადასული და მკაცრი ზამთრის პირობებში რუსეთის სარაკეტო დარტყმების მოსაგერიებლად ემზადება. როგორც ჩანს, ახლაც შარშანდელი სიტუაცია განმეორდება, როცა რუსეთი უკრაინის ენერგოობიექტებს ბომბავდა. კიევი სასოწარკვეთილად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი მთავარი მფარველის – აშშ-ის მხარდაჭერა, მაგრამ ვაშინგტონის ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისკენაა მიპყრობილი.
კიევის პერსპექტივას ართულებს არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამარჯვების საკმაოდ მაღალი შანსები, რომელიც უკრაინის მძაგებელს და პუტინის აპოლოგეტს წარმოადგენს.

გავიხსენოთ, რომ 2019 წელს მას იმპიჩმენტი ჰქონდა გამოცხადებული იმის გამო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეგავლენას ახდენდა – ტრამპს სურდა გამოძიება დაეწყო ჯო ბაიდენისა და სხვა დემოკრატების უკრაინაში ჩადენილი საქმეების თაობაზე.

საომარი მოქმედებების დაწყებიდან თითქმის 22 თვის შემდეგ საზოგადოებრივი გამოკითხვები მოწმობს, რომ უკრაინისადმი დახმარების სურვილი ამერიკელებში განუხრელად მცირდება, განსაკუთრებით რესპუბლიკელებში. (…) წყვეტა ამერიკული დახმარებაში ვლადიმერ პუტინის ძველ რწმენას განუმტკიცებს, რომლის მიხედვით, დადგება დრო და დასავლეთს გლობალურ კონფლიქტებში არც ჩარევის გაბედულება აღარ ექნება და არც რესურსი. მართალია, რუსეთმა ომის დაწყებისას თავდაპირველი მიზნები ვერ შეისრულა, მაგრამ შემდეგ კრემლმა თავისი ძალების გადაჯგუფება მოახდინა და დიდი მსხვერპლის ფასად ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება მაინც მოახერხა.

„ვლადიმერ პუტინმა სურვილი ვერ შეისრულა – უკრაინის ხელისუფლება ურყევია, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კრემლი კარგად მოემზადა გაჭიანურებული კონფლიქტისათვის. პუტინმა გადაწყვიტა, რომ რუსებს ამტანობისა და სიმტკიცის უნარი საკმარისად აქვთ“, – ამბობს ხანა ნოტე, რუსეთის საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯეიმს მარტინის სახელობის ამერიკული ანალიტიკური ცენტრიდან.

რუსეთმა შექმნილ სიტუაციასთან ადაპტირება მოახდინა, აფართოებს და ზრდის იარაღის წარმოებას, დამატებით ყიდულობს აგრეთვე ირანისაგან და ჩრდილოეთ კორეისაგან… და ეს ყველაფერი კეთდება გაჭიანურებული ომისათვის, რომელიც თვეები და წლებიც შეიძლება გაგრძელდეს. ამასობაში უკრაინა სასოწარკვეთილებით ცდილობს დასავლეთისაგან იარაღის მიღებას, მისი [დანგრეული] ეკონომიკა ვერ ახერხებს საომარ რელსებზე გადასვლას და რაც მუშაობს, ისიც დიდი შეფერხებით.
ამასთან, ექსპერტების თქმით, რუსეთს, თავისი უპირატესობის მიუხედავად, კიდევ ერთი დიდი შეტევის განხორციელება კიევისაკენ და უკრაინის სხვა მსხვილი ქალაქებისაკენ უკვე აღარ შეუძლია. უკრაინამ მოასწრო თავდაცვის ხაზის მშენებლობა ხარკოვისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით. შესაბამისად, თუ რუსეთი შეტევას გააგრძელებს, კრემლი დიდ დანაკარგებს განიცდის. ვლადიმერ პუტინი, რომელმაც კარგად გააცნობიერა შარშანდელი მობილიზაციის ავ-კარგი, როგორც ჩანს, მომავალი წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებამდე არმიაში გაწვევისათვის გადაწყვეტილებას აღარ მიიღებს.
„ამ ომის დროს ჩვენ დავინახეთ იმის დადასტურება, რომ თავდამცავ მხარეს, როგორც წესი, მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს“, – ამბობს სტივენ პაიფერი, ბრუკინგის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში.

ანალიტიკოსების აზრით, ზაფხულ-შემოდგომის კონტრშეტევის კრახის შემდეგ დასავლეთს აღარ აქვს უკრაინისათვის იარაღის მარაგის შევსების ადრინდელი შესაძლებლობა, ამიტომ კიევის მხრიდან მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი შეტევის დაგეგმვა-განხორციელება უახლოეს პერსპექტივაში მოსალოდნელი აღარ არის.
მართალია, აშშ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხში სიძნელეებს განიცდის, მაგრამ ვაშინგტონი კვლავ რჩება მთავარ სპონსორად, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები – კონგრესმენების შეხლა-შემოხლა უკრაინის გამო – კიევს ანერვიულებს.

„უკრაინელები ეჭვობენ – ხომ არ სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს გვაიძულოს იარაღის დაყრაზე და სამარცხვინო ზავის დადებაზე?“, – აცხადებს იური მაკაროვი, ჟურნალ „უკრაინსკი ტიჟდენის“ პოლიტიკური მიმომხილველი, – „ის, რომ ჩვენ პრაქტიკულად უკვე გავანადგურეთ რუსეთის პროფესიული არმია, რომელიც ბოლო დრომდე ამერიკის მთავარი მტერი იყო, ეს არაფერს ნიშნავს? რატომ არ იღებს ამ ფაქტს მხედველობაში ვაშინგტონი?“.

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კონტრშეტევის კრახმა უკრაინაში პოლიტიკური რყევები გაამწვავა, განსაკუთრებით პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და არმიის სარდლობას შორის. ჯერ გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა „ეკონომისტთან“ ინტერვიუში, რომ ომი ჩიხში შევიდაო (ამით მან პრეზიდენტზე – უმაღლეს მთავარსარდალზე მიანიშნა, რაც „ზემოთ“ კარგად გაიგეს), შემდეგ კი თვითონ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ „შეახურა“ გენერალი და მიანიშნა, რომ სწორედ გენერალიტეტის ბრალი იყო ომის ჩიხში შესვლა… მოკლედ, ამის შემდეგ ზელენსკი და ზალუჟნი ერთად არავის აღარ უნახავს.

არის იმის წინაპირობები, რომ ამ ზამთარს რუსეთი შარშანდელზე უფრო აქტიურად იმოქმედებს. კრემლმა უკვე გააქტიურა ავდეევკაზე იერიშები და ქალაქი თითქმის ალყაში მოაქცია, გააფართოვა შეტევა აღმოსავლეთის ფრონტზე, რასაც უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალი ალექსაბდრ სირსკიც ადასტურებს. როგორც ჩანს, საომარ მოქმედებებზე რუსეთის უპირატესობა არტილერიაში აუცილებლად აისახება: დღეისათვის საბრძოლო მასალებით უკმარისობის გამო „მოშიმშილე“ უკრაინელები დღეში 4-დან 5 ათასამდე ჭურვს ისვრიან, რუსები კი 20 ათასს.
ამერიკამ უკრაინას ორ მილიონზე მეტი 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი მისცა. ვაშინგტონმა ასევე უშუამდგომლა კიევს სხვა ქვეყნებისგან იარაღის მიღების თაობაზე. მაგრამ რადგანაც მაღალი ინტენსივობის საარტილერიო ბრძოლებს არავინ ელოდებოდა, დასავლეთის ქვეყნებშიც აღარ არის მარაგები დარჩენილი. უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო დაცვისათვის რაკეტების დიდი რაოდენობა ჭირდება, რომ რუსულმა დრონებმა და ფრთოსანმა რაკეტებმა უკრაინის დედაქალაქისა და სხვა მსხვილი ქალაქების „ცის გუმბათი“ არ გაარღვიონ.

მართალია, ამერიკა ამ სფეროშიც დაეხმარა უკრაინას, მაგრამ ამოუწურავი არაფერი არ არის.
გარდამტეხი მომენტი იმ დროს დადგება, თუ რუსეთი ისარგებლებს უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემაში გაჩენილი ნარღვევებით და დაბომბავს სამხედრო ობიექტებს, აეროდრომების ჩათვლით და მწყობრიდან გამოიყვანს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას – უფრო მეტად, ვიდრე ამას გასულ ზამთარს აკეთებდა. ამით უკრაინა კიდევ უფრო დამოკიდებული გახდება დასავლეთის დახმარებაზე.

უკრაინას ცოცხალი ძალის უკმარისობის პრობლემაც გაუჩნდა. კიევი საიდუმლოდ ინახავს როგორც მობილიზაციის მასშტაბებს, ასევე დანაკარგების რაოდენობას, მაგრამ როგორც ბატალიონის ყოფილი მეთაური ევგენი დიკი ამბობს, უკრაინის არმიას მომავალ წელს ყოველთვიურად 20 ათასამდე ახალგაზრდის გაწვევა მოუწევს – მოკლულებისა და დაჭრილების ჩასანაცვლებლად, აგრეთვე როტაციისათვის. „ყველაფერს ვერ აღადგენ. სამხედრო ეშმაკობებსაც და ტყუილებსაც აქვთ თავიანთი ზღვარი. ციფრები ციფრებად, მაგრამ ზოგიერთი დანაკლისის რეალურად აღდგენა შეუძლებელია“, – ამბობს ყოფილი ოფიცერი.

წყარო