რუსეთის მიერ უკრაინაზე მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა, დაშავებულია 47 ადამიანი

8
spot_img

რუსეთის მიერ უკრაინაზე 26 აგვისტოს მასირებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. დაშავებულია 47 ადამიანი, მათგან ოთხი ბავშვია.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამაშველო სამსახურებმა დაასრულეს მუშაობა მტრის მიერ დილით განხორციელებული მასირებული დარტყმების ყველა ლოკაციაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 26 აგვისტოს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საჰაერო თავდასხმის 236 საშუალება გაუშვა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 102 რაკეტა და 99 დრონი. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო იერიშის შედეგად დაზარალდა უკრაინის 15 ოლქი, მათ შორის ვოლინისზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის ოლქები.

თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის მასირებული დარტყმა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან განიხილა. ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთისთვის პასუხს ამზადებს.