უკრაინულ ჯართან შეტაკების მოლოდინში რუსეთის ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟის რაიონიდან ხალხის ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა საკუთარ ტელეგრამ არხზე განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანების ევაკუაცია „უსაფრთხო ადგილას“ მოხდება. ევაკუაციის პროცესს უხელმძღვანელებს ადგილობრივი ხელისუფლება. ის მოსახლეობას მოუწოდებს პანიკას არ აჰყვნენ და ორგანიზებულად გამოვიდნენ.
როგორც გუბერნატორმა განაცხადა, მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა საკმარისი რაოდენობა აქვთ, რათა ადამიანების ევაკუაცია შეუფერხებლად და ორგანიზებულად მოხდეს.
ცნობისთვის, ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟის რაიონი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება. მას ასევე საერთო საზღვარი აქვს რუსეთის კურსკის ოლქთან, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები არიან შესულნი.