გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის სავარაუდო გარდაცვალებას გამოეხმაურა.
„უნდა გვეშინოდეს, რომ რუსეთი, „ვაგნერით“ თუ მის გარეშე, გააგრძელებს თავის ცინიკურ თამაშს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ უპირველეს ყოვლისა აფრიკაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრიგოჟინი და „ვაგნერი“ პასუხისმგებელნი აფრიკელი და უკრაინელი ხალხის წინაშე“, – აცხადებს ბერბოკი.
23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში, ტვერის ოლქში ბიზნეს-ჯეტი ჩამოვარდა, რომლის მგზავრების ჩამონათვალშიც, ევგენი პრიგოჟინი იყო. ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, ბორტზე შესაძლოა ყოფილიყო „ვაგნერის“ მეთაური დმიტრი უტკინი, რომელსაც პრიგოჟინის „მარჯვენა ხელს“ უწოდებენ და ასევე, „ვაგნერის“ სხვა მეთაურებიც.
როგორც რუსული გამოცემა TASS რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 3 პილოტი და 7 მგზავრი იმყოფებოდა და ათივე მათგანი დაღუპულია.