ე.წ. „დონეცკის რესპუბლიკის“ სეპარატისტების ყოფილმა მეთაურმა იგორ სტრელკოვ-გირკინმა განაცხადა, რომ მისი მოძრაობა „გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბი“ პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს. ამის შესახებ გირკინმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
გირკინმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება და თავდაცვის სამინისტრო. მისი თქმით, რუსეთი ამჟამად სტაგნაციაში იმყოფება და ქვეყანას ახალი 1917 წელი ემუქრება. მან უკრაინის ომში რუსეთის დამარცხებას სავსებით რეალური უწოდა.
მან ასევე გააკრიტიკა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი და მას რუსეთის საკონსტიტუციო წყობისთვის არსებული საფრთხე უწოდა. გირკინმა და პრიგოჟინმა ერთმანეთს არაერთხელ შეურაცხყოფა მიაყენეს სოციალურ ქსელებში.