“რუსეთი კურსკის ოლქში უკრაინის რისკიანი სამხედრო ოპერაციის ლიკვიდაციას ახდენს: კიევის უკან დახევა სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის კოზირის დაკარგვას”-The Wall Street Journal

11
spot_img

ამერიკულ გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რუსეთი კურსკის ოლქში უკრაინის რისკიანი სამხედრო ოპერაციის ლიკვიდაციას ახდენს: კიევის უკან დახევა სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებისათვის კოზირის დაკარგვას ნიშნავს“ (ავტორები – ჯეიმს მარსონი და იანა ლიტვინენკო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გასულ კვირაში რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: კიევის გაბედული სამხედრო გამბიტი, რომელიც მან 2024 წლის აგვისტოში განახორციელა, თავის დასასრულთან მივიდა – ისევე სწრაფად, როგორც დაიწყო. რუსეთის გამალებული შეტევის შედეგად კურსკის ოლქის სუჯას რაიონში თავმოყრის უკრაინის ჯარებს მომარაგების გზები გადაეჭრათ. უკრაინელები იძულებულნი გახდნენ ოკუპირებული ტერიტორიიდან ევაკუაცია მოეხდინათ.

შარშან უკრაინამ თავისი მოკავშირეები კურსკის ოლქში შეჭრით ძალიან განაცვიფრა. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინიც მიხვდა, რომ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: იგი გახდა პირველი კრემლელი მმართველი იოსებ სტალინის შემდეგ, რომელიც რუსეთის ტერიტორიიდან უცხო არმიის გაძევების აუცილებლობის წინაშე დადგა.

კიევი იმედოვნებდა, რომ რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიას მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე კოზირის სახით გამოიყენებდა – გაცვლის მიზნით, მაგრამ სიტუაცია ისე განვითარდა, რომ სამხედრო სარდლობამ ფიქრი დაიწყო: ჯარი რომ ალყაში – „ქვაბში“ – არ მოხვედრილიყო, აუცილებელი იყო მისი გამოყვანა.

კურსკის გამბიტის კრიტიკოსები თავიდანვე აცხადებდნენ, რომ იმ დროს, როცა დონბასის ფრონტზე უკრაინა ძალების მწვავე დეფიციტს განიცდიდა, კურსკის ოლქში შეჭრა და ამ მიზნით ელიტური სამხედრო ნაწილების გამოყენება ბედოვლათობას და სისულელეს წარმოადგენს. მართლაცდა, კიევმა დიდი დანაკარგები განიცადა – შვიდთვიანი ოკუპაციის დროს უკრაინის არმიამ საუკეთესო ნაწილები დაკარგა, აშშ-ის მიერ მიწოდებული ჯავშანტექნიკა ან განადგურდა, ან რუსებს ჩაუვარდათ ხელში. არადა, ის აუცილებელი იყო დონბასის ფრონტზე.

თუმცა ზოგიერთი სამხედრო ანალიტიკოსი ამბობს, რომ უკრაინას ყველა საფუძველი ჰქონდა განეხორციელებინა რაღაც არაორდინალური ოპერაცია: კიევი დილემის წინაშე იდგა, მას დასავლეთის წინაშე რეპუტაციის აღდგენა სურდა. უკრაინელი ოფიციალური პირების აზრით, კურსკის ოპერაციამ მეტ-ნაკლებად თავისი საწყისი მიზნები გაამართლა. უკრაინის მოსახლეობამ და დასავლელმა მოკავშირეებმა დაინახეს, რომ ქვეყნის არმია ჯერ კიდევ ბრძოლისუნარიანია და მას შესწევს ძალა შეტევები განახორციელოს თვით რუსეთის სიღრმეში. უკრაინამ ხელში ჩაიგდო რუსი ტყვეები, რომელიც რუსეთის საპყრობილეებში არაადამიანურ პირობებში მყოფი უკრაინელი სამხედრო ტყვეების გადასაცვლელად გამოიყენა.

„არმიამ თავისი ამოცანა შეასრულა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინის არმიის ნაწილები ახლა პოზიციებს საზღვრის გასწვრივ იკავებენ. „კურსკის ოლქის ნაწილის დაკავებით უკრაინამ თავიდან აიცილა რუსების მიერ პოკროვსკის ოკუპაცია“, – დაამატა მან.

უკრაინის არმია რომ კურსკის ოლქში დარჩენილიყო, მას ძალიან ძვირი დაუჯდებოდა – მით უმეტეს ახლა, როცა მისი მთავარი მოკავშირე – აშშ – რუსეთისაკენ იხრება.

კრემლი თავდაპირველად თითქოსდა შეურიგდა უკრაინელების უპრეცედენტო შეჭრას კურსკის ოლქში. მსოფლიოში ბევრს ეგონა, რომ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა, მაგრამ ვლადიმერ პუტინმა თავი შეიკავა და კურსკის ბრძოლებმა გაჭიანურებული ხასიათი მიიღო. რუსეთის ხელისუფლებამ მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ევაკუაცია მოახერხა და სუჯას რაიონის ოკუპაციას შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. მაგრამ 2024 წლის დეკემბერში კურსკის ფრონტზე ჩრდილოკორეელები გამოჩნდნენ. ისინი, მართალია, არ იცნობდნენ თანამედროვე ომის წესებს, რაც ძალიან ძვირად დაუჯდათ (ჩრდილოეთ კორეის კარჩაკეტილმა პოლიტიკამ თავისი ნეგატიური შედეგი აჩვენა), მაგრამ ობიექტურად თუ ვიტყვით, კორეელებმა მაღალი დონის ფიზიკური მომზადება, ძალა და მამაცობა გამოავლინეს.

მოგვიანებით ჩრდილოკორეული არმიის ქვედანაყოფებმა გაითვალისწინეს ბრძოლებში მიღებული მძიმე გამოცდილება, თანდათან დახვეწეს თანამედროვე ტაქტიკა და კვლავ ბრძოლებში ჩაებნენ. ისინი მცირე ჯგუფების სახით მუდმივად უტევდნენ უკრაინის არმიის მომარაგების გზებს და კიევს პრობლემებს უქმნიდნენ.

თებერვლის დასაწყისში რუსებმა და ჩრდილოკორეელებმა ერთობლივი შეტევა წამოიწყეს და უკრაინის არმიის ნაწილები შეავიწროვეს. დიდი როლი შეასრულეს რუსულმა ახალმა, გაუმჯობესებული ტექნოლოგიით აწყობილმა დრონებმაც. მარტის დასაწყისში უკრაინის არმიისათვის მძიმე სიტუაცია შეიქმნა – სუჯას გარნიზონს მომარაგების გზები გადაეჭრა და მას ალყაში მოქცევის საფრთხე დაემუქრა. ძალიან გაძნელდა დაჭრილი ჯარისკაცების გადაყვანა „დიდ მიწაზე“ და დამატებითი ძალების მიღება. აშკარა გახდა, რომ თავდაცვა იშლებოდა და კრახი ახლოვდებოდა.

როცა გასულ კვირაში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკი იძულებული გახდა კურსკის ფრონტზე შექმნილი მძიმე სიტუაცია ეღიარებინა. მას აკრიტიკებდნენ დაყოვნებული მოქმედების გამო, მაგრამ როგორც გენერლის თანაშემწეები ამბობენ, მთავარსარდალს უწევს ხისტი ბალანსი დაიცვას ჯარისკაცების სიცოცხლის შენარჩუნებასა და ტერიტორიის დატოვებას შორის. ალექსანდრე სირსკიმ კურსკის ფრონტი იმ დროს მოინახულა, როცა  უკვე ყველა უკან დახევაზე ფიქრობდა.

ანალიტიკოსების თქმით, აშშ-ის მხრიდან იარაღის მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების შეწყვეტის ფაქტს უკრაინელთა მდგომარეობის გაუარესებაში მაინცდამაინც დიდი როლი არ შეუსრულებია – რუსების შეტევა უკვე დაწყებული იყო და მათ ქალაქ სუჯას დაკავებაც მოახერხეს. 

უკრაინის არმიის უკან დახევა მთლიანობაში ორგანიზებულად განხორციელდა, თუმცა ზოგიერთ მომენტში ქაოსიც შეინიშნებოდა. უკან დახევა მუდმივი საარტილერიო და სარაკეტო სროლების ქვეშ მიმდინარეობდა, ზოგიერთმა უკრაინულმა ქვედანაყოფმა რუსეთის ტერიტორიის დატოვება დროულად ვერ მოახერხა.

სამწუხაროდ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის არმიის უკან დახევის დროს რუსმა ჯარისკაცებმა ხელში ამერიკული მძიმე სამხედრო ტექნიკა ჩაიგდეს – ტანკები „აბრამსები“ და კიდევ სხვა ჯავშნიანი მანქანები. ტანკებში დაღუპული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები აღმოჩნდნენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: