რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტაში შეთანხმდნენ, მაგრამ უცნობია მისი ძალაში შესვლის დრო – The New York Times

32
spot_img

„თეთრი სახლის პრეს-სამსახურის ცნობით, ერ-რიადში რუსეთმა და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას შავ ზღვაზე საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე, ასევე განიხილეს დეტალები, რომლებიც ერთმანეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეწყვეტას ეხება. ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ცეცხლის სრული შეწყვეტის გზაზე, რომელსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად ეს ძალისხმევა არასაკმარისია. გაურკვეველი რჩება აგრეთვე ის, თუ როგორ და როდის დაიწყებს მოქმედებას ეს ნაწილობრივი დაზავება“, – ნათქვამია აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში, სათაურით „რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტაში შეთანხმდნენ, მაგრამ უცნობია მისი ძალაში შესვლის დრო. კრემლმა თავისი პირობები წამოაყენა“ (ავტორები – კონსთან მეე და ივან ნეჩეპურენკო).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

უკრაინამ და რუსეთმა დაადასტურეს მოლაპარაკების ფაქტი, თუმცა, როგორც გაირკვა, მოსკოვს სერიოზული შენიშვნები და დათქმები წამოუყენებია. შემაჯამებელ განცხადებაში რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ შეთანხმების პირობების შესრულებას მხოლოდ მაშინ დაიწყებს, როცა „როსსელხოზბანკი“ (რუსეთის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ბანკი) ისევ მიიღებს  გადახდების საერთაშორისო სისტემით (მაგალითად, SWIFT-ით) სარგებლობის უფლებას და მოიხსნება რიგი შეზღუდვები, ანუ სანქციები, რომლებიც რუსეთს დაუწესდა უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

თეთრი სახლის განცხადებიდან ჩანს, რომ ვაშინგტონი მოსკოვის მიერ წაყენებულ ზოგიერთ პირობას დაეთანხმა. „აშშ მზად არის ხელი შეუწყოს რუსეთის უფლების აღდგენას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და სასუქის მსოფლიო ბაზარზე, საზღვაო გადაზიდვების დაზღვევის გაფართოებაზე, აგრეთვე ნავსადგურებში შესვლაზე და ფინანსური ოპერაციების წარმოებაზე გადახდის საერთაშორისო სიტემებით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მხარეებმა ამ შეთანხმებას მიაღწიეს ერ-რიადში (საუდის არაბეთი) მიმდინარე სამდღიანი დაძაბული მოლაპარაკების შემდეგ.  უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები რიგ-რიგობით ხვდებოდნენ აშშ-ის დელეგაციას და საკითხებს ისე ათანხმებდნენ.

დიახ, თეთრი სახლის ძალისხმევის შედეგად აღნიშნული შეთანხმებები შეიძლება ერთგვარ გარღვევად ჩაითვალოს სამწლიანი ომის შეწყვეტის გზაზე, მაგრამ იმავდროულად  ისინი მაინც არ ტოვებენ იმის შთაბეჭდილებას, რომ რუსეთი – ქვეყანა-აგრესორი – რაიმე მნიშვნელოვან დათმობაზე მიდის – პირიქით, კრემლი უფრო წარმატებულ პოზიციაშია.

ის, რომ კიევი და მოსკოვი დაინტერესებულნი არიან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვების შეწყვეტაში, ეს გასაგებია – დაბომბვები ორივეს ზიანს აყენებს. რაც შეეხება შავი ზღვის აკვატორიაში საომარი მოქმედებების შეწყვეტას, ეს შეთანხმება რუსეთისათვის უფრო მომგებიანია: უკრაინა, შეიძლება ითქვას, გაბატონებული მსგომარეობა აქვს, მისმა რაკეტებმა რუსეთს ბევრი დიდი ხომალდი გაუნადგურეს და ამიტომ ოდესღაც რეგიონში უძლიერესი შავი ზღვის ფლოტი ამჟამად თავისი მთავარი ბაზიდან – სევასტოპოლიდან – შორს მდებარე ნავსადგურებშია მიმალული (მაგალითად, ნოვოროსიისკში). ახლა კი, როგორც მიღწეული შეთანხმებიდან იგულისხმება, მათ, სავარაუდოდ, თავისუფლად შეუძლიათ ცურვა და სევასტოპოლში დაბრუნება.

როგორც ცნობილია, აშშ-ის წინადადება ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაზე რუსეთმა უარყო – ვლადიმერ პუტინმა განცხადებით, მოსკოვი მხოლოდ იმ შემთხვვეაში გაიზიარებს ვაშინგტონის წინადადებას, თუ დასავლეთი უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე და თუ უკრაინა თავის სამობილიზაციო ძალისხმევას შეაჩერებს. ცხადია, რომ ამ პრეტენზიების შესრულება ამ ეტაპზე შეუძლებელია.

როგორც რუსეთი, ისე უკრაინა შავ ზღვას ნედლეულის და სურსათის ექსპორტისათვის იყენებენ 2022 წლის შუახანებში მხარეებმა ხელი მოაწერეს „მარცვლეულის გარიგებას“, რომელიც უკრაინას უფლებას აძლევდა თავისი მარცვლეული საზღვაო მარშრუტით გაეტანა. თუმცა ერთი წლის შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ შეთანხმების პირობებს აღარ დაიცავს, რადგან დასავლური სანქციები სერიოზულად ზღუდავს მის შესაძლებლობებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით. შესაბამისად, მხარეები არათანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან და ასეთი შეთანხმების პირობებს რუსეთი აღარ შეასრულებს.

შემდეგ რუსეთმა დაიწყო მუქარები იმ უცხოური გემების მიმართ, რომლებიც უკრაინის ნავსადგურებისაკენ მიცურავდნენ და ცდილობდა უკრაინის საზღვაო ექსპორტის ჩაშლას. თავის მხრივ, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ფლოტის შევიწროვება დაიწყეს და იძულებული გახადეს რუსული გემები, რომ მათ თავი შავი ზღვის აღმოსავლეთ ნავსადგურებისათვის შეეფარებინათ. უკრაინამ შეუძლებელი შეძლო: მარცვლეულის ექსპორტის მოცულობა თითქმის ომამდელი დონით აღადგინა.

შესრულდება თუ არა ერ-რიადში მიღწეული შეთანხმება რუსული მხარის სასარგებლოდ? მართლაც ექნებათ თუ არა რუსულ გემებს სევასტოპოლში დაბრუნების შესაძლებლობა? ამოქმედდებიან თუ არა ხერსონისა და ნიკოლაევის ნავსადგურები, რაც უკრაინას ძალიან სურს? პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ ბევრი რჩება. საყურადღებოა უკრაინის თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმაროვის განცხადებაც, რომლის თანახმად, „რუსული სამხედრო ხომალდების ნებისმიერი გადაადგილება შავი ზღვის აღმოსავლეთი ნაპირიდან დასავლეთისაკენ კიევის მიერ შეფასებული იქნება როგორც შეთანხმების დარღვევა“. თანაც უკრაინა „თავდაცვის უფლებას იტოვებს“.

წყარო