“რუსეთ-უკრაინის ომის მიზეზი კიევისათვის ნატოს წევრობის შეთავაზებაა” – ინტერვიუ ჰენრი კისინჯერთან

136
spot_img

აშშ-ის გაზეთი „უოლ სთრით ჯორნელი“ (The Wall Street Journal) 27 მაისის ნომერში, ჰენრი კისინჯერის დაბადების 100 წლის აღსანიშნავად, აქვეყნებს სპეციალურ სარედაქციო სტატიას სათაურით „ჰენრი კისინჯერის გაფრთხილება 100 წლის ასაკში: სახელმწიფო მოღვაწე წუხს ამერიკული ლიდერობისა და რწმენის გაქრობის გამო“, რომელშიც ყოფილი სახელმწიფო მდივნის ცხოვრება და საქმიანობაა მიმოხილული, ნაჩვენებია მისი პოზიცია აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართ, ასევე თანამედროვე პრობლემებზე. გაზეთში გამოქვეყნებულია აგრეთვე ვრცელი ინტერვიუ ჰენრი კისინჯერთან: იუბილარს ჟურნალისტი ტუმკუ ვარადარაჯანი ესაუბრება სხვადასხვა საკითხებზე – რუსეთ-უკრაინის ომზე, ნატოს გაფართოებაზე, აშშ-რუსეთისა და აშშ-ჩინეთის ურთიერთობაზე და ა.შ.

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე მიმოხილვას:

ჰენრი კისინჯერი თვლის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მთავარ მიზეზს კიევისათვის ნატოს წევრობის შეთავაზება წარმოადგენს. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ იგი საკმაოდ „ირონიულ სიტუაციაში“ აღმოჩნდა: იმიტომ, რომ ადრე, როცა იგი უკრაინის ნატოში მიღების წინააღმდეგ გამოდიოდა, უმცირესობაში იყო და ახლაც, როცა მხარს უჭერს კიევის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისაკენ სწრაფვას, ისევ უმცირესობაშია. „ვფიქრობ, რომ 2008 წელს უკრაინისათვის ნატოში მიღების დაპირება იმ სერიოზულ შეცდომას წარმოადგენდა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, დღევანდელი ომის დაწყებამდე მიგვიყვანა“, – ამბობს ჰენრი კისინჯერი ინტერვიუში, – „ამჟამად კი ვაშინგტონი აბსოლუტურად სწორად მოქმედებს. ამიტომაც მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პოლიტიკას უკრაინის მიმართ… ჩემი აზრით, დასავლეთმა უკრაინის ომი უკვე მოიგო იმ თვალსაზრისით, რომ თავიდან იქნა აცილებული რუსეთის შეტევა უშუალოდ ევროპის ქვეყნებზე“.

გარდა ამისა, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის თვალსაზრისით, კონფლიქტის კიდევ ერთი მიზეზია რუსული პოლიტიკის ამბივალენტური ხასიათი (ორმაგი დამოკიდებულება) ევროპისადმი. „რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას ევროპაზე, თუმცა თავის ევროპულ პოლიტიკაში ორმაგ მიდგომებს ამჟღავნებდა. რუსეთი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში თავისივე ამბივალენტურობის ტყვე იყო – ევროპას ხან აღტაცებული უყურებდა, საკუთარი არასრულფასოვნების გრძნობით, ხანაც საფრთხეს გრძნობდა ევროპისაგან“, – განმარტავს იუბილარი.

ჰენრი კისინჯერის აზრით, უკრაინა დღეისათვის ყველაზე შეიარაღებულ ევროპულ ქვეყანას წარმოადგენს, მაგრამ კიევი ამ ეტაპზე არ უნდა შეეცადოს ყირიმის დაბრუნებას: „თუ კრემლი დაკარგავს სევასტოპოლს, რომელიც ისტორიულად არასოდეს არ ყოფილა უკრაინული, მაშინ ამით საფრთხე შეექმნება თვით რუსეთის მთლიანობას – დაიწყება ცენტრიდანული პროცესები, სახელმწიფოს დაშლა, რომელიც მსოფლიოსათვის უკრაინის ომის შემდეგ ახალი თავსატეხი გახდება, რაც მსოფლიოსათვის სასურველი არ არის“.

ჰენრი კისინჯერი თვლის, რომ პლანეტის წამყვან ქვეყნებს ორიენტირები აერიათ და რიგ შემთხვევაში საერთოდ დაკარგეს. „დღეს ისინი ახალი გარემოებების მიმართ ადაპტაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში იმყოფებიან. აშშ თავის თავს ყოველთვის სამართლიანად და უმწიკვლოდ თვლის და სჯერა, რომ არაეგოისტურ პოლიტიკას ატარებს. ჩვენ, ამერიკელებს, გვჯერა, რომ ჩვენი შეხედულებები წარმატებულია არა იმიტომ, რომ საკუთარ თავს საუკეთესოდ ვთვლით (ინტელექტუალური თვალსაზრისით), არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ, ჩვენი ხედვა, როგორიც არ უნდა იყოს ის, ყველა შემთხვევაში უნდა დომინირებდეს. ეს, რასაკვირველია, მტკიცე მორალური რწმენის გამოხატულებაა, რომელსაც თან ძალის დემონსტრირებაც ახლავს. აშშ-ის ასეთი წარმოდგენები თავის თავზე სხვა ქვეყნებს არ მოსწონთ, განსაკუთრებით ჩინეთს“, – აცხადებს ასწლოვანი დიპლომატი ინტერვიუში.

წყარო