რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ჩარჩენილმა უკრაინის 5-მა მოქალაქემ „ქართველი მესაზღვრეების ქმედებების გამო“ უვადო შიმშილობა გამოაცხადა,- ამის შესახებ ერთ-ერთმა მოშიმშილემ, სერგეი ლარკომ გამოცემასთან “ეხო კავკაზა” საუბარში განაცხადა.
ლარკოს თქმით, აქციის მონაწილეები აპირებენ გადასცენ ქართველ მესაზღვრეებს შიმშილობის დაწყების ოფიციალური განცხადება.
“მე, ლარკო სერგეი ალექსის ძე, ქართველი მესაზღვრეების უკანონო ქმედებებისა და ჩემი უფლებების დარღვევაზე პროტესტის ნიშნად ვაცხადებ უვადო შიმშილობას”. – წერია ლარკოს პირად განცხადებაში.
უკრაინის მოქალაქის თქმით, 2025 წლის 21 ივნისს მას რუსეთიდან დეპორტაცია გაუკეთეს. ლარკოს მტკიცებით, საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას პასპორტი ჩამოართვეს და უკანონოდ ბიომეტრიული მონაცემები ჩამოართვეს.
“მე მომათავსეს არაადამიანურ პირობებში გამშვებ პუნქტ დარიალის სარდაფში, სადაც 97 ადამიანი ცხოვრობს, ზოგ მათგანს აივ ინფექცია და ტუბერკულიოზი აქვს. უარი მითხრეს საქართველოში შემოსვლაზე, თავშესაფრის მიღებაზე, იურიდიულ დახმარებაზე და დაკავების გასაჩივრებაზე”. – ამბობს ლარკო.
მოშიმშილეები უკრაინის კონსულთან შეხვედრას, მათი დაკავების მიზეზების განმარტებას, საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლებას და სამედიცინო გამოკვლევებს ითხოვენ.
კრემლი რუსეთ-საქართველოს საზღვრისკენ უშვებს პატიმრებს, რომლებიც თავდაპირველად გასამართლებული იყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც შემდგომში რუსული ოკუპაციის ქვეშ მოექცა. შემთხვევების უმეტეს ნაწილში ისინი სასჯელს რუსულ პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიდნენ, სადაც ისინი რუსებმა იძულებით გადაიყვანეს.
ქართული მხარის განცხადებით, საზღვარზე მყოფი უკრაინის მოქალაქეების უმეტესობა მძიმე მუხლებით არიან გასამართლებულები და საზღვრის გადაკვეთისთვის აუცილებელი საბუთები არ გააჩნიათ.