რუსებმა კიევს დრონებით, რამდენიმე ტალღად შეუტიეს – უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს

16
spot_img

რუსულმა ძალებმა კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მეხუთე საჰაერო თავდასხმა კიევზე სექტემბრის დასაწყისიდან. წუხელ რუსეთის არმიამ კვლავ გამოიყენა კურსკის ოლქის ტერიტორიიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები, წინასწარი მონაცემებით, Shahed-ები. დრონები კიევში რამდენიმე ტალღად შემოვიდა“, – განაცხადა კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.

მისი თქმით, საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში დედაქალაქში საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ამასთან, სერგეი პოპკოს ინფორმაციით, ყველა დრონი, რომელიც კიევს ემუქრებოდა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დედაქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს. წინასწარი მონაცემებით, ქალაქში ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა.