რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობას ხუთი ადამიანი შეეწირა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სტიქიამ გალაცისა და ვასლუის რეგიონები დააზარალა. დატბორილი დასახლებებიდან ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია მიმდინარეობს.
ძლიერმა ქარმა ხეები ფესვებიანად მოგლიჯა. დაზიანებულია მანქანები და ბლოკირებულია გზები.
სტიქიას გამოეხმაურა რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისიც. ის სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახის წევრებს. მისი თქმით, ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ერთად მუშაობს, რათა სტიქიის შედეგებს გაუმკლავდეს. იოჰანისის მტკიცებით, უხვი ნალექი რუმინეთში კლიმატის ცვლილების შედეგია.