
გაუქმებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველ ადგილზე გასულ კალინ ჯორჯესკუს საქმესთან დაკავშირებით რუმინეთმა ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.
რუმინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლებამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ბუქარესტში რუსეთის სამხედრო ატაშე, ალექსანდრე ჩურპინი და მისი მოადგილე, ევგენი იგნატიევი.
რუმინული მედია წერს, რომ იგნატიევის გვარი ჩანს კალინ ჯორჯესკუს საგამოძიებო საქმის მასალებში. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება საქმიანობის ჩატარებას, რომელიც ეწინააღმდეგება 1961 წლის ვენის კონვენციის დებულებებს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ.
რუმინული მედიის თანახმად, კალინ ჯორჯესკუს მხარდამჭერმა, მარიან მოტოკუმ რუსეთის საელჩოში დარეკა და პოლკოვნიკ ევგენი იგნატიევთან დაკავშირებას ითხოვდა. რუმინული მედია წერს, რომ რუსეთის საელჩოში დარეკვამდე მარიან მოტოკუ კალინ ჯორჯესკუს ესაუბრა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მოტოკუს უთხრა, რომ მას „აქვს გეგმა“, რომელიც მხოლოდ მან იცის.