რუმინეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

24
spot_img

რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა მარჩელ ჩოლაკუს ახალი მთავრობა, რის შემდეგაც მინისტრებმა პრეზიდენტის წინაშე ფიცი დადეს.

მანამდე სამმა პროევროპულმა პარტიამ, ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატებმა, მემარჯვენე-ცენტრისტულმა ლიბერალებმა და ეთნიკურმა უნგრულმა პარტიამ UDMR, კოალიციის დეტალები შეათანხმეს.

ახალ მთავრობაში 16 მინისტრი იქნება. ამასთან, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას რვა პორტფელი ერგო, მისი ამჟამინდელი მინისტრების უმრავლესობა თავიანთ თანამდებობებზე დარჩება.

თავდაცვის მინისტრის პოსტი შეინარჩუნა ანჯელ ტილვარმა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა ყოფილი ჟურნალისტი და მწერალი, დიპლომატი ემილ ჰურეზიანუ.

ახალმა მთავრობამ უნდა დაამტკიცოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების კალენდარი მას შემდეგ, რაც რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ კალინ ჯორჯესკუს კამპანიის გარშემო სკანდალის გამო.

რუმინეთის მმართველ კოალიციაში შემავალი სამი პარტია შეთანხმდა, მხარი პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატს დაუჭიროს.