რუხის ციხე-სიმაგრეში ჭაბუკთა შორის გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში

32
spot_img

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებით და ქართული ჭიდაობის ფედერაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ციხე-სიმაგრეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის.

ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს 2008-2009 და 2010-2011 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან,მათ შორის,ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

ჩემპიონატის გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები და სიგელები გადასცეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და სამსახურის მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს უფროსმა, ომის ვეტერანმა და, ასევე, ვეტერანმა სპორტსმენმა, გია ედილაშვილმა. სიმბოლური და ფასიანი საჩუქრები კი წილად ხვდა ასპარეზობის ყველა მონაწილეს.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე, ასპარეზობის მონაწილე ჭაბუკმა სპორტსმენებმა, რუხის ციხიდან მოაწყვეს მსვლელობა ენგურის ხიდისკენ, სადაც, გამოფენილი იყო ბანერი, ქართულ და აფხაზურ ენებზე შესრულებული სლოგანით:”სპორტი ძმობის ხიდია! გავერთიანდეთ და ერთად ვასახელოთ ჩვენი სამშობლო! ძალა ერთობაშია!” ამ ორენოვანი სლოგანით გამოხატეს ქართველმა ჭაბუკებმა სიყვარული და თანადგომა აფხაზი თანატოლების მიმართ და მათ მეგობრობის ხელი გაუწოდეს.

ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით აფხაზეთის ჭიდაობის აკადემიას,”აფხაზეთის მეომართა კავშირს”,ქართული ჭიდაობის ფედერაციას,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას,აფხაზეთის საზოგადოებრივ საბჭოს,ყველა სახელმწიფო ორგანოს და არასამთავრობო ორგანიზაციას,რომელთა ჩართულობითა და თანადგომით ჩატარდა აღნიშნული ღონისძიება და მოგვცა შესაძლებლობა,კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა წინ მშვიდობისა და მეგობრობის გზაზე.