რუსული ოკუპაციის და საქართველოს ორ რეგიონში მისი უკანონო სამხედრო ყოფნის პირობებში, უსაფრთხოების ქოლგის გარეშე გაზრდილ საფრთხეებთან გამკლავება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობა შორეულ ოცნებად არ დარჩეს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ახლო რეალობად იქცეს, – ამის შესახებ ბუდაპეშტში დღეს ევროკავშირის ევროპის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების შეხვედრაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველო ისწრაფვის გახდეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის სივრცის განუყოფელი ნაწილი.
„ძვირფასო კოლეგებო, აქ ყველა ვთანხმდებით, რომ ევროკავშირის გაფართოება ერთადერთი სწორი პასუხია იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ჩვენს წინაშე დგას. ამ მიზნის მიღწევას სჭირდება არსებული გეოპოლიტიკური რეალობის კარგად გაცნობიერება და ევროპული იდეისთვის ბრძოლა.
ამ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, საქართველო ისწრაფვის გახდეს მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის სივრცის განუყოფელი ნაწილი და, ამავდროულად, წვლილი შეიტანოს მასში საკუთარი გეოპოლიტიკური უპირატესობებით.
რუკაზე ერთი დახედვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ გავაცნობიეროთ, რამდენ დელიკატურ საკითხზე გვჭირდება ერთად მსჯელობა იმისათვის, რომ საბოლოო მიზნამდე მივიდეთ.
შეუძლებელია, არ დავინახოთ, რა გამოწვევების პირობებში გვიწევს დღეს ბრძოლა საქართველოს სტაბილურობისთვის და იმ წარმატებების მიღწევა, რისი უგულებელყოფაც შეუძლებელია.
რუსული ოკუპაციის და საქართველოს ორ რეგიონში მისი უკანონო სამხედრო ყოფნის პირობებში, უსაფრთხოების ქოლგის გარეშე გაზრდილ საფრთხეებთან გამკლავება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობა შორეულ ოცნებად არ დარჩეს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ახლო რეალობად იქცეს.
საქართველო გასული წლის დეკემბრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მადლობელი ვართ ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებისთვის. თუმცა, სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან განსხვავებით ჯერ კიდევ ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით.
დაუყოვნებლივ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები, დავიწყოთ დიალოგი მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი საერთო ინტერესების მისაღწევად და ევროკავშირის გაფართოების წარმატებისთვის, რაც ასევე მნიშვნელოვანია ევროპულ უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.