როდესაც მტკიცებულების გარეშე გისანქცირებენ მოსამართლეებს, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის და საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფა. ამის უფლებას საკუთარ თავს არავინ უნდა აძლევდეს. ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიერ გაკეთებული განცხადება სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით.
კობახიძის თქმით, მოსამართლეების სანქცირების შესახებ მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
„რა თქმა უნდა, ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დადგენა. ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს და საბოლოო ჯამში, ითქვა, რომ რაღაც ინფორმაცია გაზეთებში ამოიკითხეს, რაც გახდა სანქცირების საფუძველი, რაც წარმოუდგენელი რამ არის. იცით, რომ მაგალითად, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი „ორგანული კანონი“, რომელიც მათ შორის, დისციპლინურ დევნას აწესრიგებს და უმკაცრესი სტანდარტია დადგენილი იმისთვის, რომ რაიმე დისციპლინური სანქცია შეეფარდოს მოსამართლეს. როდესაც უცხო ქვეყნიდან ასანქცირებენ ქართველ მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს პირდაპირ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპში ჩარევას. ეს არის ძალიან უხეში ქმედება, ამაზე ჩვენ გვქონდა რეაქცია და მომავალშიც აუცილებლად გვექნება. როდესაც მტკიცებულების გარეშე გისანქცირებენ მოსამართლეებს, ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში ხელყოფა, საქართველოს კონსტიტუციის უხეში ხელყოფა. ამის უფლებას საკუთარ თავს არავინ უნდა აძლევდეს. ჩვენ არ ვაძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას და ნუ დაგვიბრუნებენ საქართველოში იმას, რაც 2012-წლამდე იყო, ახლა, უკვე ქვეყნის გარედან. ეს არ არის სწორი. 2012-წლამდე „ნაცმოძრაობა“ იყენებდა ასეთ მეთოდებს, მტკიცებულებების გარეშე სჯიდა მოსამართლეებს და ახლა, იგივე ხდება ქვეყნის გარედა. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, პრინციპულად მიუღებელი. ამაზე მომავალშიც გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნმა სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებზე განაცხადა, რომ სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და როგორც კი იღებენ საკმარის სანდო ინფორმაციას კორუფციის ან სხვა უკანონო საქმიანობის შესახებ, იმოქმედებენ.