როთმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, ეკლესიას, ქართულ დემოკრატიას და ჩვენი მხრიდან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არის – შალვა პაპუაშვილი

15
spot_img

როგორც ვხვდები, ის ოპოზიციის მხარდასაჭერად არის ჩამოსული და ვნახავთ, ალბათ დადგება ოპოზიციის რიგი მასთან შესახვედრად. ამ ადამიანმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მასთან შეხვედრის არანაირი სურვილი არ არის, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი საქართველოში მიხაილ როთის ჩამოსვლას.

პარლამენტის თავმჯდომარემ მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ თავისი განცხადებების გამო ბოდიში ამ დრომდე არ მოიხადა.

„შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის ეკლესიას, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას; შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ დემოკრატიას იმით, რომ, როგორც უცხოელი პოლიტიკოსი, დადგა ანტისახელისუფლებო დემონსტრაციაზე რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად. ამიტომ ის ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს, რა დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან. ქართველ ხალხს მიაყენა შეურაცხყოფა, ამიტომ ამით ყველაფერი ნათქვამია. სამწუხაროა, რომ დღემდე მისი მხრიდან ამ საკითხზე სინანული არ გვსმენია. ოპოზიციის მხარდასაჭერად როდესაც ჩამოდის, ეს ნიშნავს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას, ეს ნიშნავს უცხო ქვეყნის წარმომადგენლის ჩარევას შიდა პოლიტიკასა და საარჩევნო კამპანიაში, თუმცა, რა ვიცი, ვხედავთ რომ ოპოზიცია, როგორც ჩანს, იწონებს მის ამ პოზიციებს, იწონებს მის მიერ ეკლესიის, ხელისუფლების, ხალხის შეურაცხყოფას. დღეს ალბათ კიდევ ერთხელ დადგება რიგი მასთან და შეხვდებიან. ქართველ ხალხს 26 ოქტომბერს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს – უნდათ, იარონ მიხაილ როთის ჭკუაზე თუ სურთ, იარონ საკუთარ ჭკუაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ამ ვიზიტს ასახავენ, როგორც საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის პოლიტიკოსის ჩარევას.

„გარწმუნებთ, გერმანიაში წინასაარჩევნო კამპანიის დროს რომელიმე ქვეყნის პოლიტიკოსი რომ ჩასულიყო იქ და ისე მოქცეულიყო,როგორც იქცევა ახლა ბატონი როთი, ეს იქნებოდა დიდი სკანდალი იმ ქვეყანაში. საერთო ჯამში, პრობლემაა, რომ ზოგს ევროპელობა ჰგონია პატარა ქვეყნებისთვის ზემოდან ყურება. ჩვენ რაღაც დონემდე რაღაცებს ვეგუებით, თუმცა ერთი რამ ჩვენს ხელშია – ამაზე საჯაროდ საუბარი და ჩვენ ამას ვიზამთ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. გერმანელი დეპუტატი ეკლესიის შეურაცხყოფისთვის ბოდიშს არ იხდის. გაექცა ყველა კითხვას, მათ შორის კითხვას, მისი განცხადებები და ვიზიტი არის თუ არა ქვეყნის შინა საქმეებში ჩარევა.