რომ არა თქვენი ბინძური პოლიტიკა, მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეთ ქვეყანას, ქართველ ხალხს, ტერიტორიებს არ დავკარგავდით, არ დავკარგავდით გმირ ჯარისკაცებს, მშვიდობიან მოსახლეობას-კახა კალაძე

22
spot_img

ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაცია, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე მედიისა და ოპოზიციის გამოხმაურებას.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის განცხადებაში არ ყოფილა საუბარი ოკუპანტების მისამართით ბოდიშის მოხდაზე. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღეს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, გადაიდგას ნაბიჯები საქართველოს გაერთიანებისკენ.

„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები, რასაც თქვენ ქადაგებთ და ახორციელებთ, უკვე მესამე დღეა. სწორედ ამას ჰქვია პოლიტიკური სპეკულაცია, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ეს არის სამარცხვინო, რასაც თქვენ კადრულობთ. მაჩვენეთ ერთი კონკრეტული წინადადება, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ჩვენ ოკუპანტებს მოვუხდით ბოდიშს. ეს არის სპეკულაციები, ტყუილი, მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც მუშაობს და დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ქვეყანა გაამთლიანოს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ყველა ღირსეული ადამიანისთვის, ვისაც უყვარს სამშობლო, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ ამ გზაზე, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები“, – აღნიშნა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

კახა კალაძის განცხადებით, სამარცხვინოა იმ მოღალატე პოლიტიკოსების ქმედებები, რომლებმაც 2008 წელს ქვეყანას ვერ აარიდეს ომი, ხოლო დღეს დაღუპული გმირების სახელით სპეკულირებენ.

„დაღუპული გმირებით სპეკულირებენ, არცერთი დაღუპული ჩვენი გმირი არ იქნებოდა, რომ არა მათი ბინძური პოლიტიკა, მათი მოღალატეობრივი ქმედებები, რაც 2008 წელს აკადრეს ქვეყანას და ქართველ ხალხს;  გარედან მოცემული დავალება შეასრულეს, ამით დააკარგვინეს ქვეყანას ტერიტორიები, ამით დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ათი ათასობით ადამიანი აქციეს დევნილად. ეს იყო მათი მოღალატეობრივი პოლიტიკა, რისთვისაც, გარწმუნებთ და გაძლევთ პირობას, მოუწევთ პასუხის გაცემა აუცილებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობისთვის.

„ჩამოთვლილია, რატომ არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო უმრავლესობა და ერთ-ერთი მათგანი არის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული. ჩვენ ვთქვით, რომ როდესაც დადგება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, ზუსტად ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ოპოზიციის სახით გვევლინება, იმართება გარედან და ჰყავთ ერთი პატრონი, ყველაფერს გააკეთებს და შეეწინააღმდეგება ამ პროცესებს. ჯერ ნახეთ, ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ, რა მდგომარეობაში ჩავარდით და დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო კონკრეტული გახდება ეს საუბარი, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას, ტერიტორიული მთლიანობა რომ აღდგეს. ეს ხართ თქვენ, სამწუხაროდ. შემდგარი ფაქტია ის, რომ რუსეთი ოკუპანტია, ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ყველაზე მძიმე არის ის, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომელმაც იმოქმედა მოღალატეობრივად, გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელმაც დაღუპა ქვეყანა, დაკარგა ტერიტორიები, უამრავი ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, გმირი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არის იმ მოღალატეობრივი ქმედებების ბრალი, რაც წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამას სჭირდება გამოძიება და სჭირდება პასუხები, რომ გასამართლდეს ყველა ის ადამიანი, ვინც მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა. დამნაშავე არის პირველ რიგში, მოღალატე, სისხლიანი რეჟიმი, რომლის ხელმძღვანელი იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდის წევრები“, – განაცხადა კახა კალაძემ.